ახალი ამბები

10 მოწამლული ბავშვი ზუგდიდში – შსს საქმეს ტრეფიკინგის მუხლით იძიებს

20 აპრილი, 2019 • 1210
10 მოწამლული ბავშვი ზუგდიდში – შსს საქმეს ტრეფიკინგის მუხლით იძიებს

საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი 10 ბავშვი, რომლებიც წუხელ ღამით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით მოათავსეს, ქუთაისში, სპეციალიზებულ კლინიკაში, ეტაპობრივად გადაჰყავთ. პარალელურად, მათ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტრეფიკინგის მუხლით იძიებს.

შსს-ს თანახმად, ბავშვები საქართველოში მიმდინარე წლის 8 აპრილს, თბილისი-მოსკოვის რეისით შემოიყვანა ქალმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. სამინისტროს განცხადებით, ქალი ბავშვების ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანას აპირებდა. უწყების ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით 10-ვე მათგანი აღნიშნული პირის შვილია, 4 მათგანი კი 2017 წელსაა დაბადებული.

უწყების განმარტებით, აღნიშნულმა გარემოებებმა ტრეფიკინგის ეჭვი გააჩინა, რის შემდეგაც გამოძიება შესაბამისი – სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო.

“…ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” შსს-ში.

თავად ბავშვების თანმხლებმა ქალმა ჟურნალისტებთან საუბრისას კვლავ აღნიშნა, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია და მათთან ერთად, საქართველოს გავლით, “სხვა ქვეყანაში” მიემგზავრებოდა. ბავშვების დიაგნოზსა და მდგომარეობაზე მას კომენტარი არ გაუკეთებია.

დღესვე “რუსთავი2”-მა გაავრცელა კაცის სატელეფონო კომენტარი, რომელიც ტელეარხს ეუბნება რომ 10-ვე ბავშვი მისი და იმ ქალის შვილია, რომელმაც ისინი საქართველოში შემოიყვანა. მისი თქმით, აფხაზეთში დასახლება სურთ და ტრეფიკინგს ადგილი არ აქვს.

“ათივე შვილი ჩვენია.  ექვსი სუროგაციით გვყავს გაჩენილი. უკრაინის მოქალაქე ვარ. სოხუმში ბინა ვიქირავეთ და იქ ვაპირებდით საცხოვრებლად გადასვლას. არანაირ ტრეფიკინგს ადგილი არ ჰქონია. ჩემი ოჯახი საქართველოში ათი დღეა, რაც იმყოფებოდა. ისინი თბილისიდან ზუგდიდის გავლით აპირებდნენ აფხაზეთში გადასვლას და დოკუმენტების მოწესრიგებას ელოდნენ. მე ახლა რუსეთში ვარ და ვაპირებ, აფხაზეთში ჩავიდე”, – ამბობს ის.

ბავშვები ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში ინტოქსიკაციის დიაგნოზითა და შესაბამისი სიმპტომებით წუხელ ღამით მოათავსეს, დღეს კი ქუთაისში, დას. საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში ეტაპობრივად გადაჰყავთ.  კლინიკის ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ექიმის ხელთ არსებული ინფორმაციით, მოწამვლა საკვებს უკავშირდება.

“ბავშვების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. არის ზოგადი ინტოქსიკაციის სურათი. ამ წუთში მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში არცერთ ჩანს, თუმცა ინტენსიურ თერაპიას საჭიროებენ. როგორც ამბობენ, გუშინ მიიღეს ბავშვებმა სოსისი და ამას უკავშირებენ მოწამვლას”, – აცხადებს თემურ ნადირაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი