ახალი ამბები

სახლის საქმე ტვინს ახალგაზრდულობას უნარჩუნებს – კვლევა

20 აპრილი, 2019 • 1249
სახლის საქმე ტვინს ახალგაზრდულობას უნარჩუნებს – კვლევა

მსუბუქი აქტივობა, როგორიცაა სახლის საქმე, ტვინის ახალგაზრდულობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამის შესახებ ნათქვამია ახალ კვლევაში, რომლის შედეგებსაც სამედიცინო ჟურნალ JAMA Newtork open-ზე დაყრდნობით The Guardian აქვეყნებს. კვლევის ძირითადი გზავნილია, რომ როცა საქმე სხეულისა და ტვინის ვარჯიშს ეხება, ადამიანს მცირე ფიზიკური  აქტივობაც ეხმარება.

გამოცემის თანახმად, მკვლევართა ჯგუფის მიერ დადებული დასკვნა ეწინააღმდეგება აქამდე გავრცელებულ ვერსიას, რომ მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად ფიზიკური აქტივობის დადგენილ ზღვრამდე მიღწევა იყო აუცილებელი.

კვლევის ავტორებმა, პროცესის ფარგლებში, 2 354 საშუალო ასაკის ამერიკელის მინიმუმ სამი დღის აქტივობათა განრიგი შეისწავლეს, მათი ტვინის სკანირების მონაცემებთან ერთად. იმ ფონზე, რომ ადამიანის ტვინის მოცულობა 60 წელს მიღწევის შემდეგ, ყოველწლიურად მცირდება 0.2%-ით, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მსუბუქი ფიზიკური აქტივობისათვის ყოველდღიურად გამოყოფილი თითოეული ზედმეტი საათი ტვინის 0.22%-ით უფრო დიდ მოცულობასთანაა დაკავშირებული.

მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ 0.35%-ით უფრო დიდი იყო იმ ადამიანთა ტვინის მოცულობა, რომლებიც დღეში მინიმუმ 10 000 ნაბიჯს დგამენ იმათზე, ვინც დროის ამავე მონაკვეთში 5 000-ზე ნაკლებ ნაბიჯს დგამს.

“ჩვენი კვლევა არ გამორიცხავს საშუალო და ძლიერ ფიზიკურ აქტივობებს, როგორც მნიშვნელოვან აქტივობებს ჯანმრთელობისათვის. ჩვენ უბრალოდ შემოგვაქვს შემოთავაზება მეცნიერებაში, რომ მსუბუქი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობაც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს, განსაკუთრებით, ტვინისთვის”, – აცხადებს ნიკოლ სპატარნო, კვლევის ავტორი ბოსტონის უნივერსიტეტიდან და აღნიშნავს, რომ მსუბუქი აქტივობები მოიცავს სახლის საქმეს, გასეირნებას და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი