ახალი ამბები

ტორონტოში ჟიჟეკი-პიტერსონის დებატები გაიმართა — „საუკუნის დუელი“

20 აპრილი, 2019 • 3126
ტორონტოში ჟიჟეკი-პიტერსონის დებატები გაიმართა — „საუკუნის დუელი“

მემარცხენე ფილოსოფოს სლავოი ჟიჟეკსა და ფსიქოლოგ ჯორდან პიტერსონს შორის დებატები თბილისის დროით 20 აპრილს, ღამის სამ საათზე გაიმართა ტორონტოში. დებატების თემა იყო „ბედნიერება: მარქსიზმი კაპიტალიზმის წინააღმდეგ“.

3000-ადგილიანი დარბაზი გადავსებული იყო; დებატებს პირდაპირ ეთერშიც ათასობით ადამიანი უყურებდა (პირდაპირი ეთერის ბილეთები ცალკე იყიდებოდა). დებატები ორსაათ-ნახევარს გაგრძელდა.

პიტერსონმა დებატი გერმანელი ფილოსოფოსების, მარქსიზმის ფუძემდებლების, კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტზე“ საუბრით დაიწყო, ჟიჟეკმა — მისი და პიტერსონის ერთგვარ მსგავსებაზე ხაზგასმით.

პიტერსონმა თქვა: „იშვიათად წამიკითხავს ისეთი ტექსტი, რომელშიც ყოველ წინადადებაში იმდენი შეცდომა, კონცეპტუალური ხარვეზი იყო, რამდენიც „კომუნისტურ მანიფესტში“;

მან იქვე ახსნა, როგორ წაიკითხა ეს ტექსტი: „რაღაც რომ წაიკითხო, უბრალოდ სიტყვებს და მნიშვნელობებს კი არ უნდა მიჰყვე, უნდა დაშალო წინადადებები და საკუთარ თავს ჰკითხო, ყოველი ფრაზის, წინადადების, აბზაცის შემდეგ, „არის თუ არა ეს მართალი“? „არსებობს ამის საწინააღმდეგო არგუმენტები“?

ამ აზრით, პიტერსონმა „მანიფესტი“ სტუდენტების ნაწერებს შეადარა: „წამიკითხავს ჩემი სტუდენტების ნაწერები, რომლებსაც იგივე ხელწერა ჰქონდათ [როგორიც კომპარტიის მანიფესტს], თუმცა არ ვამბობ, რომ მათ იმავე დონის ლიტერატურული ბრწყინვალება და პოლემიკის ხარისხი ახასიათებდათ“.

არგუმენტებზე გადასვლამდე ჟიჟეკმა დებატებს „საუკუნის დუელი“ უწოდა, შემდეგ კი თქვა, რომ ირონიულია, ამ დებატებში მემარცხენე-ლიბერალიზმის დაცვა უწევდეს, რადგან ბოლო პერიოდში მემარცხენე-ლიბერალებისგან თვითონ უწევს „თავდასხმების“ მოგერიება:

„შეუძლებელია, ვერ შეამჩნიო ეს ირონიულობა — პიტერსონი და მე, „საუკუნის დუელის“ მონაწილეები, ორივენი მარგინალიზებულები ვართ სამეცნიერო საზოგადოების მიერ. მე ახლა უნდა დავიცვა მემარცხენე-ლიბერალური ხაზი ნეო-კონსერვატორების წინააღმდეგ. სერიოზულად? მათი უმეტესობა, ვინც თავს მესხმის, ახლა სწორედ მემარცხენე ლიბერალები არიან. გავიხსენოთ მათი გამოხმაურება ჩემს კრიტიკაზე ლგბტ+ იდეოლოგიის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ამ სფეროში წამყვანი ფიგურებისთვის რომ გეკითხათ, გამოვდგები თუ არა მათ დასაცავად, — ცოცხლები რომც იყვნენ, საფლავში ამოტრიალდებოდნენ“.

ჟიჟეკისა და პიტერსონის შესახებ

კრიტიკული თეორიის თეორეტიკოსის, ჰეგელიანელი-მარქსისტი ფილოსოფოსის სლავოი ჟიჟეკისა და ფსიქოლოგიის პროფესორის, მემარჯვენე ჯორდან პიტერსონის დაპირისპირება რამდენიმე თვეს ითვლის, თუმცა ისინი აქამდე კრიტიკული სტატიებისა და პოსტების გაცვლა-გამოცვლით შემოიფარგლებოდნენ.

პიტერსონი (განსაკუთრებით ულტრამემარჯვენეებში) პოპულარული გახდა Channel 4-ის ჟურნალისტთან, ქეთი ნიუმანთან ინტერვიუს შემდეგ, სადაც შეეწინააღმდეგა ფაქტს — რომ დასაქმების ადგილებზე ქალები თავიანთი გენდერული იდენტობის გამო ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ. ასევე ცნობილია მისი ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს მათ მიერ შერჩეული ნაცვალსახელით არ მიმართავს, თუკი ამას კანონმდებლობა დაავალდებულებს.

სხვადასხვა დროს პიტერსონს  მხარი აქვს დაჭერილი შეთქმულების თეორიებისთვის, აქვს გაკეთებული სექსისტური, ტრანსოფობიური და ა.შ, განცხადებები. მაგალითად, იგი ფიქრობს, რომ თეთრკანიანების პრივილეგიები “მარქსისტული ტყუილია”, ამბობს, თითქოს “რადიკალი ფემინისტები იმიტომ არ ლაპარაკობენ საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რადგან ბრუტალური მამაკაცური დომინირების არაცნობიერი სურვილი აქვთ”.

სლავოი ჟიჟეკი კი სლოვენიელი ფილოსოფოსია, რომელიც საჯარო სივრცეში მემარცხენე მოაზროვნედ მოიაზრება. მას უწოდებენ ხოლმე “კულტურის თეორიის ელვისს”.

სოციალურ ქსელებში პოპულარობის ფონზე, ისიც ხშირად არის კრიტიკის ობიექტი როგორც სექსისტური ხუმრობების/გამონათქვამების, ისე სხვადასხვა პოზიციის გამო, მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ. ალჯაზირას გადაცემა Upfront-ში, წამყვან მედი ჰასანთან ინტერვიუში გარკვეულწილად პოზიტიურად აფასებდა ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას იმ არგუმენტით, რომ ის “სისტემას შეარყევდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი