ახალი ამბები

ვანში სახელმწიფო შესყიდვებისას კანონდარღვევის ბრალდებით 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

20 აპრილი, 2019 • 1115
ვანში სახელმწიფო შესყიდვებისას კანონდარღვევის ბრალდებით 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ვანის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ყოფილი უფროსი, კომპანია “ვანის საგზაო”-ს დირექტორი და 4 ინდმეწარმე პასუხისგებაში მისცა. უწყების თანახმად, გამოძიებამ გამგეობასა და კომპანიას შორის გამარტივებული წესის ფორმით 2015 წელს დადებული რამდენიმე ხელშეკრულების შესწავლის შედეგად კანონსაწინააღმდეგო ქმედებები გამოავლინა.

პროკურატურის ცნობით, გამგეობასა და ზემოაღნიშნულ პირებს შორის 2015 წლის მანძილზე რამდენიმე ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთა ჯამური ღირებულება 523 403 ლარია. უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამუშაოს შემსრულებელი კომპანია “ვანის საგზაო”-ს დირექტორი და 4 ინდმეწარმე ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის გამოყენებით, “თაღლითობის გზით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს”.

პროკურატურის თქმით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი “გულგრილად მოეკიდა  მასზე დაკისრებულ მოვალეობებს” და ზემოაღნიშნულ პირებთან ანგარიშსწორება კანონის უგულებელყოფით განახორციელა. უწყების თანახმად, ვანის გამგეობას, ჯამში, 46 875 ლარის ზარალი მიადგა.

ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ გამოძიება სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს. მუხლი ჯარიმას, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობას, ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

რაც შეეხებათ სამუშაოს შემსრულებლებს: როგორც კომპანიის დირექტორს, ისე ინდმეწარმეებს, თაღლითობას, ასევე ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას ედავებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი