ახალი ამბები

ზვიად ქორიძე: ეს ოთხი ადამიანი, ვინც დღეს იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი, ტყუის

19 აპრილი, 2019 • 2585
ზვიად ქორიძე: ეს ოთხი ადამიანი, ვინც დღეს იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი, ტყუის

„ეს ოთხი ადამიანი, ვინც დღეს იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი, ტყუის… მანიპულაციური ხერხებით სცადეს დღეს მათ საზოგადოების დარწმუნება, თუ რატომ დაუჭირეს მხარი იმპიჩმენტს. ისინი დაიცავენ მხოლოდ იმ სარედაქციო დამოუკიდებლობას, რომელშიც ცხვირს ჩაყოფენ თვითონ, ან ვიღაცები მათი მეშვეობით. ეს უკვე იყო სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა,“ – მიიჩნევს მედიაექსპერტი და „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის კონსულტანტი ზვიად ქორიძე. „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი ნათია კაპანაძე დღეს, 19 აპრილს თანამდებობიდან გაადაყენეს.

ზვიად ქორიძეს მრჩეველთა საბჭოს დღევანდელმა სხდომამ 70-იანი წლების ესთეტიკა გაახსენა. ამბობს, რომ ასე ხდებოდა და ხდება ახლაც, როცა რეალურად კითხვის დასმა, პასუხის მიღება, საკითხის გარკვევა და დისკუსია არავის სურს. მედიასპეციალისტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ საბჭოს წევრებს  კითხვა ტელევიზიის დირექტორისთვის დღეს საერთოდ არ დაუსვამთ.

რა იცრუეს საბჭოს წევრებმა? – ზვიად ქორიძის თქმით, ის კარგად იცნობს ფინანსურ დოკუმენტებს, რის შესახებაც ბორდის წევრი გიგა ჩხარტიშვილი საუბრობდა. ეს მრჩეველთა საბჭოს ის წევრია, რომელიც რამდენიმე თვის წინ „ქართული ოცნების“ კვოტით შევიდა საბჭოში. გიგა ჩხარტიშვილმა დღევანდელ სხდომაზეც ისაუბრა, რომ ტელევიზიაში წლების განმავლობაში გროვდებოდა ფინანსური დარღვევები. მას დარღვევის ამსახველი რომელიმე კონკრეტული დოკუმენტი არ გაუსაჯაროებია.

„ეს იყო ტყუილი, რადგან 2017, 2018 და 2019 წლის დასაწყისში გარე აუდიტმა დადო დასკვნები ამ ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, რამდენად დაცულია ბიუჯეტის ნორმები და მუხლები. გარე აუდიტს არჩევს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო. არცერთ დოკუმენტში, რომელიც მრჩეველთა საბჭომ მიაწოდა უმაღლეს საბჭოს, არაა საუბარი რაიმე ტიპის ფინანსურს დარღვევებზე, გადაცდომაზე ან უზუსტობაზე, აღარ ვსაუბრობ ფინანსურ დანაშაულზე.

თუ აუდიტის დასკვნები არის ყალბი, გამოდის, რომ მრჩეველთა საბჭომ გამოიჩინა უპასუხისმგებლობა, ან თავად დაეთანხმა სიყალბეს, შემდეგ უკვე აჭარის უმაღლესი საბჭო ჩააგდო რთულ ვითარებაში, გაეზიარებინა ეს სიყალბე. უმაღლესმა საბჭომ ამ წლებში მიიღო ცნობად და მოიწონა ეს ანგარიშები. საია-ს ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემაც დასვა შეკითხვა, თუ ჰქონდათ ეჭვი მრჩეველთა საბჭოს წევრებს, რატომ არ მიმართეთ პროკურატურასო. რა თქმა უნდა, ის ამას ვერ განაცხადებდა, რადგან დადგინდებოდა, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა. გიგა ჩხარტიშვილმა და შემდეგ უკვე საბჭოს სამმა წევრმა, ვინც იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი, სცადეს მანიპულაციური ხერხით შეექმნათ განწყობა, რომ თითქოს ნათია კაპანაძის დროს „აჭარის ტელევიზია“ ფინანსურად დაინგრა. რა თქმა უნდა, ამგვარი მანიპულაციით როცა მოქმედებ, მაქვს ეჭვი, რომ არ დავიჯერო მათგან მოცემული დაპირება, რომ თურმე სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს ზვიად ქორიძე.

რეალურად, რამდენად შესაძლებელი და სწორია, როცა მრჩეველთა საბჭო აცხადებს, რომ ის იქნება სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი? – ზვიად ქორიძემ გუშინ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებული სტატია გაიხსენა, სადაც იმ წლების მედიამონიტორინგებია აღწერილი, როცა ნათია კაპანაძე ტელევიზიის დირექტორი არ იყო, მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა კი იგივე იყო, რაც დღეს. ამ ანგარიშების მიხედვით, მაგალითად, 2016 წელს ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგმა „აჭარის ტელევიზია“ სხვა მაუწყებლებს შორის გამოარჩია, როგორც ტელევიზია, რომელიც „ბიძინა ივანიშვილს ყველაზე პოზიტიურად წარმოაჩენდა.“ ზვიად ქორიძეს კითხვა აქვს: „მაშინ რატომ ვერ უზრუნველყო იგივე მრჩეველთა საბჭომ სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვა? ან რატომ არჩია თვალის დახუჭვა, როცა ვებგვერდიდან მოხსნეს მასალა, რომელიც მთავრობას არ აწყობდა?“

მედიასპეციალისტი თვლის, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს თავად სარედაქციო შემადგენლობა და დირექტორი, მრჩეველთა საბჭო კი მხოლოდ ერთგვარი მეხამრიდი შეიძლება იყოს.

„თანაც იმ შემთხვევაში, როცა საბჭოს წევრებს გააზრებული აქვთ სარედაქციო დამოუკიდებლობის მნიშვნელობა. დღეს გამოჩნდა, რომ ამ ოთხს ეს არ ესმის, ერთს კი მეტ-ნაკლებად ესმის. ის ერთი საუბრობდა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანზე – პოლიტიკურ გავლენებზე“, – დასძენს ზვიად ქორიძე.

ძირითადად რა ფაქტორების გამო მიიჩნევს ზვიად ქორიძე, რომ დღეს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტი მართული პოლიტიკური პროცესი იყო?

„ყველა შემთხვევაში, ეს იქნებოდა პოლიტიკური პროცესი. ამ პროცესს ჩვენ  რომ გამოვაკლოთ პარტიული მდგენელი, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, ფორმალური და არაფორმალური ჯგუფების ჩართულობა, უნდა გვქონდეს მეტი დამაჯერებლობა, რითაც უნდა დაიწყო უნდობლობის გამოცხადების პროცესი. ამას ემატება საბჭოს ოთხი წევრის მანიპულაცია, მათ ასევე სცადეს შესაბამისი ანტურაჟი გაეკეთებინათ დღევანდელ სხდომაზე. ამას ემატება ის 103 კაცი, რომელმაც გუშინ განცხადება გაავრცელა, ოპერატორების საგაფიცვო პროცესი, რომელიც მაშინვე დაიშალა, როგორც კი იმპიჩმენტი შედგა…ეს საერთოდ გარედან ინსპირირებული პროცესია და ეს ოთხი ადამიანი დღეს იყო დადგმული სცენის მარიონეტი. ვინ რა სარგებელს მიიღებს, ამას საზოგადოება თავად შეაფასებს“, – გვითხრა ზვიად ქორიძემ.

ზვიად ქორიძე ამ ეტაპზე რჩება დირექტორის კონსულტანტად. დირექტორის მოვალეობას ახალი დირექტორის არჩევამდე ნათია ზოიძე შეასრულებს. ზვიად ქორიძე ხედავს ღია სურვილს – გახედნონ მედია, რომელიც საერთო ყალიბს მიღმა დარჩა.

„ამ ოთხმა ადამიანმა ასეთი პასუხისმგებლობა აიღო და ამით მათ ძალიან დიდი დარტყმა მიაყენეს არა ნათია კაპანაძეს, რომელიც სამართლებრივად იდავებს, არამედ ქვეყანაში დამოუკიდებელი, დაბალანსებული, მიუკერძოებელი რედაქციის მქონე არხის საქმიანობას. მჯეროდა, რომ ეს პროცესი, რაც აჭარის ტელევიზიაში ხდება, იქნებოდა შეუქცევადი. საბოლოო ჯამში, პროცესი მაინც შეუქცევადია, ალბათ, მაგრამ აღმოჩნდა გზაზე შემაფერხებელი ფაქტორები. დღეს ეს ფაქტორი აღმოჩნდა მრჩეველთა საბჭო, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო მანიპულაციით და გარე ძალების ზეგავლენით, ეს არის ყველაზე სახიფათო ტენდენცია.

დამოუკიდებელი და დაბალანსებული მედია პრობლემად უდგას ვიღაცას ამ ქვეყანაში, რომელიც დიახაც, ღიად ცდილობს, რომ მედია გახედნოს, მოაქციოს ყალიბში…“

ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენებას ხუთწევრიან სამეურვეო საბჭოდან დღეს ოთხმა წევრმა  – ნატა იმედაიშვილმა, გიორგი ირემაძემ, ირაკლი დარცმელიძემ და გიორგი ჩხარტიშვილმა დაუჭირეს მხარი. გადაყენებას მხოლოდ ბეჟან გობაძე არ დაეთანხმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი