ახალი ამბები

87 – მომხრე, 31 – წინააღმდეგი – მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტი II მოსმენით მიღებულია

19 აპრილი, 2019 • 1299
87 – მომხრე, 31 – წინააღმდეგი – მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტი II მოსმენით მიღებულია

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

“საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 31-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კვორუმი 76 დეპუტატი იყო.

ცვლილება, რომელიც კანონში შედის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის გატანას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნება, რომელიც მმართველმა გუნდმა ნაწილობრივ გაითვალისწინა.

რას ითვალისწინებს და რას არა “ოცნება” ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს კენჭისყრის გადადებისა და განხილვების გაგრძელებისკენ მოუწოდება, რაც უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. უზენაესი სასამართლოს წევრთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტს სახალხო დამცველმაც მიმართა. ნინო ლომჯარიას რეკომენდაცია იყო, დეპუტატები კანონპროექტი მეორე მოსმენით სამუშაო ფორმატში განსახილველად დაებრუნებინათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი