რუსეთში ცენზურამ ფილმ „ჰელბოიში“ სტალინი ჰიტლერით ჩაანაცვლა

რუსეთის კინოთეატრებში გასულ ფილმ „ჰელბოიში“ საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი ნაცისტური გერმანიის დიქტატორით, ადოლფ ჰიტლერით ჩაანაცვლეს.

რეჟისორ ნილ მარშალის „ჰელბოის“ უახლესი რიმეიქი რუსეთის კინოთეატრებში 11 აპრილს უჩვენეს. ფილმის რუსულ ვერსიაში საბჭოთა ლიდერი იოსებ სტალინი ჩანაცვლებულია ნაცისტური გერმანიის ლიდერით, ადოლფ ჰიტლერით.

გაფრთხილება!

ტექსტი შეიცავს სპოილერებს!

საუბარია არა უშუალოდ პერსონაჟებზე, არამედ სტალინისა და ჰიტლერის სახელებზე.

ერთ მომენტში ფილმის მთავარი პერსონაჟი — ჰელბოი — ამბობს, რომ მისმა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა [რუსული ფოლკლორიდან ნასესხებმა პერსონაჟმა] ბაბა იაგამ ერთხელ იოსებ სტალინის სულის გამოძახება სცადა. თუმცა რუსეთის კინოთეატრებში გასულ ვერსიაში სტალინის გვარი ჰიტლერის გვარით ჩაანაცვლეს.

ცენზურაგამოვლილ ვერსიაში ჰელბოი ასე მიმართავს ბაბა იაგას: „მინდა, შეგახსენო, რომ შენ ჰიტლერის სულის გამოძახება სცადე…“.

ცენზურა ასევე შეეხო ერთ-ერთი პერსონაჟის, გრიგოლ რასპუტინის [რეალური ფიგურა XIX-XX საუკუნეებში, რომელსაც ნათელმხილველის ნიჭს მიაწერდნენ] გინებას რუსულ ენაზე. ინგლისურ ენაზე არცერთი გინება არ დაუფარავთ.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის ფილმების კლასიფიკაციის საბჭომ ჰელბოი მხოლოდ 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალა, ფილმზე რუსეთში მხოლოდ 18 წელს გადაცილებულები დაუშვეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა რუსეთში, როდესაც ცენზურა ეხება ფილმებს, რომელშიც იოსებ სტალინი ფიგურირებს. მაგალითად, 2018 წელს რუსეთის კულტურის სამინისტრომ საერთოდ აკრძალა კომედიური ფილმი „სტალინის სიკვდილი“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com