ახალი ამბები

ომბუდსმენი პარლამენტს ურჩევს, კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენაზე დააბრუნოს

19 აპრილი, 2019 • 1271
ომბუდსმენი პარლამენტს ურჩევს, კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენაზე დააბრუნოს

სახალხო დამცველმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს წევრთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმართა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ომბუდსმენმა პარლამენტის რეგლამენტზე დაყრდნობით პარლამენტს კონკრეტულ კანონპროექტზე მოსმენა სთხოვა.

ნინო ლომჯარიამ კანონპროექტის შეფასება, არსებითი ხარვეზები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დასკვნები წარმოადგინა და არსებულ კონტექსტზე ისაუბრა.

“დღეს არის ისტორიული მომენტი, როდესაც უზენაესი სასამართლოს მთელი შემადგენლობის 3/4-ის ფორმირება ხდება. აუცილებელია იმგვარი პროცედურების შემოღება, რომელიც იქნება გამჭვირვალე, ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისი და რომელიც გაზრდის ნდობას სასამართლოს მიმართ”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, არსებობს ორი ავტორიტეტული ორგანიზაციის – ვენეციის კომისიის და ODIHR-ის დასკვნა – რომ წარმოდგენილი კანონპროექტი რიგ შემთხვევებში არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

“მისასალმებელია, რომ მთავარი რეკომენდაციები იქნა გათვალისიწნებული, მაგრამ ასევე აუცილებლად მივიჩნევთ, რომ ბოლომდე დაზუსტდეს და, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრი, რომელიც წარდგენილი იქნება კანდიდატად, აბსოლუტურად უნდა იყოს დისტანცირებული კონკურსის გარშემო მიმდინარე პროცესებისგან და ეს არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ უშუალოდ კენჭისყრაში არ მიიღოს მონაწილეობა”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარია ასევე მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა ნომინირება ღია კენჭისყრით უნდა მოხდეს.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წესთან დაკავშირებით პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს.

“ODIHR საკუთარ დასკვნაში აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ეს ნამდვილად ასეა… აუცილებელია, მუშაობა გაგრძელდეს კანონპროექტზე. მესმის, რომ პლენარული სხდომიდან კომიტეტზე დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ აუცილებელია პარლამენტმა გაითვალისწინოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მოსაზრებები და, საბოლოო ჯამში, მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც შეესაბამება მათ რეკომენდაციებს. პროცესის დაჩქარება სწორი არ იქნება”, – განაცხადა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას რეკომენდაციაა, დეპუტატები სამუშაო ფორმატში კიდევ ერთხელ შეიკრიბონ და განიხილონ, მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი სრულ შესაბამისობაში იქნება თუ არა ვენეციის კომისიის და ეუთო-ს რეკომენდაციებთან.

“შესაძლებელია, გეფიქრათ ამ პროცესის ისევ მეორე მოსმენაზე დაბრუნებაზე”, – ამბობს სახალხო დამცველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი