ახალი ამბები

“ეს პროცესი მართულია” – მრჩეველთა საბჭოს წევრი კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

19 აპრილი, 2019 • 801
“ეს პროცესი მართულია” – მრჩეველთა საბჭოს წევრი კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

“არის თუ არა აჭარის ტელევიზია სანდო თქვენთვის?“- მიმართა ნათია კაპანაძემ ბორდის წევრებს და დარბაზს. დღეს, 19 აპრილს მრჩეველთა საბჭო ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება.

ნათია კაპანაძისთვის პასუხი ტელევიზიის სანდოობაზე ჯერ არ გაუციათ. მან მინიშნება იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც აჭარის ტელევიზია მიუკერძოებელია და გამორჩეული პლატფორმა შესთავაზა ამომრჩევლებს წიმასაარჩევნო პერიოდში.

„საფრთხე არ ემუქრება სიტყვის თავისუფლებას,“ – ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა. მან 10 აპრილს ირაკლი დარცმელიძესთან ერთად დააყენა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა.

გიგა ჩხარტიშვილმა აქცენტი რეიტინგის კლებაზე გააკეთა. მისივე თქმით, ტელევიზიის დირექტორი თანამშრომლებს მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ურთიერთობას უკრძალავდა.

„ის იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს… როგორც უნდა, ისე განკარგავს თანხებს,“ – აღნიშნა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი დარცმელიძემ. მან თქვა, რომ დირექტორს იმ თანამშრომლების ფინანსური წახალისება სთხოვა, რომლებიც „ლეოგრანდის“ ხანძრის პროცესს, ან 11-12 მარტის ბათუმის მოვლენებს აშუქებდნენ.

„არაფერი არ გაითვალისწინა, არავითარი რეაგირება,“ – დასძინა ირაკლი დარცმელიძემ.

„მე ყოველთვის ვმუშაობდი, ვმუშაობ და ვიმუშავებ კანონის შესაბამისად,“ – თქვა ნათია კაპანაძემ.

ნათია კაპანაძე სხდომაზე დოკუმენტებით მივიდა. მისი გამოსვლის დასრულების შემდეგ აჭარის ტელევიზიის დირექტორს კითხვებს დაუსვამენ. საბოლოოდ კი, მრჩეველთა საბჭოს წევრები დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს.

„ეს პროცესი მართულია,“ – ამბობს მრჩეველთა საბჭოს წევრი ბეჟან გობაძე. მან უკვე თქვა, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს მხარს არ დაუჭერს.

მრჩევეთა საბჭოს სხდომა აჭარის ტელევიზიის შენობაში გრძელდება.


მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი, რომლებიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს უჭერენ მხარს, აცხადებენ, რომ მისი მართვის პირობებში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში შექიმნა კრიზისი როგორც ადამიანური რესურსების მართვის, ისე – პროგრამული პრიორიტეტების შესრულების კუთხით. ასევე, აღნიშნული ორი წევრის მოსაზრებით, კაპანაძე არასათანადოდ ხარჯავს მაუწყებლის ბიუჯეტს. თავად ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.

„აჭარის ტელევიზია“ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში, ტელევიზიის არსებობის განმავლობაში პირველად, არაერთ კვლევაში მოხვდა, როგორც დაბალანსებული მედიაორგანიზაცია.

წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში აჭარის ტელევიზია მოხვდა, როგორც ერთადერთი ქართული ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება შესთავაზა

„აჭარის ტელევიზია“ მოხვდა „Human Rights Watch“-ის მიერ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, რომელშიც დადებითად არის ასახული აჭარის ტელევიზიის“ ეთერში რადიო „თავისუფლების“ იმ გადაცემების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა დახურა.

აჭარის ტელევზიის სამეთავლყურეო საბჭოს წევრები არიან ნატა იმედაიშვილი [თავმჯდომარე], ირაკლი დარცმელიძე, გიგა ჩხარტიშვილი, გიორგი ირემაძე და ბეჟან გობაძე.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 18 აპრილს გაავრცელა ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, ასევე, აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი