ახალი ამბები

აჭარის ტელევიზიაში დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ

19 აპრილი, 2019 • 953
აჭარის ტელევიზიაში დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ

ამ წუთებში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო განიხილავს დირექტორ ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის წინადადებით მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა განცხადება 11 აპრილს შეიტანა ბორდში. ამ საკითხზე სხდომა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში დღეს, 19 აპრილსთვის ჩაინიშნა. 12 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მრჩეველთა საბჭოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვისაკენ მოუწოდეს.

მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი, რომლებიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს უჭერენ მხარს, აცხადებენ, რომ მისი მართვის პირობებში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში შეიქმნა კრიზისი როგორც ადამიანური რესურსების მართვის, ისე – პროგრამული პრიორიტეტების შესრულების კუთხით. ასევე, აღნიშნული ორი წევრის მოსაზრებით, კაპანაძე არასათანადოდ ხარჯავს მაუწყებლის ბიუჯეტს.

„აჭარის ტელევიზია“ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში, ტელევიზიის არსებობის განმავლობაში პირველად, არაერთ კვლევაში მოხვდა, როგორც დაბალანსებული მედიაორგანიზაცია.

წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში აჭარის ტელევიზია მოხვდა, როგორც ერთადერთი ქართული ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება შესთავაზა

„აჭარის ტელევიზია“ მოხვდა „Human Rights Watch“-ის მიერ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, რომელშიც დადებითად არის ასახული აჭარის ტელევიზიის“ ეთერში რადიო „თავისუფლების“ იმ გადაცემების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა დახურა.

აჭარის ტელევზიის სამეთავლყურეო საბჭოს წევრები არიან ნატა იმედაიშვილი [თავმჯდომარე], ირაკლი დარცმელიძე, გიგა ჩხარტიშვილი, გიორგი ირემაძე და ბეჟან გობაძე.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 18 აპრილს გაავრცელა ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირმა.

“ვიმედოვნებ, რომ მაუწყებელი გააგრძლებს შეასრულოს თავისი მნიშვნელოვანი მანდატი, ემსახუროს საზოგადოებას და მისი დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული”, – წერს ჰარლემ დიზირი.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმაც ისაუბრა.

“ეს ნამდვილად არის ის აქტივი, რომელსაც დღევანდელ მედიაგარემოში გაფრთხილება სჭირდება. ჩვენ კვალვაც ყურადღებით დავაკვირდებით ამ საკითხთან დაკავშირებულ მოვლენებს,” – აცხადებს კარლ ჰარცელი.

კაპანაძის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

“ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მაუწყებლისა და მისი გენერალური დირექტორის, ნათია კაპანაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა გააგრძელებენ დადებითი როლის შესრულებას საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში”, – აცხადებს აშშ-ის საელჩო.

თავად ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი