ახალი ამბები

სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღრიცხვა საქართველოში – პრობლემები და რეკომენდაციები

19 აპრილი, 2019 • 2000
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღრიცხვა საქართველოში – პრობლემები და რეკომენდაციები

დღეს , 19 აპრილს, ევროპის საბჭომ საქართველოში იმ რეკომენდაციების პრეზენტაცია გამართა, რომლებიც ქვეყანაში დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ მონაცემთა შეგროვების მექანიზმს გააუმჯობესებს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ, როდესაც საქმე მსგავსი ტიპის დანაშაულების აღრიცხვასა და მონაცემების გადამუშავებას ეხება, ქართული საკანონმდებლო სისტემა ხარვეზებს აწყდება. ანგარიშის მიხედვით, იმის გამო, რომ დანაშაულების აღრიცხვის სისტემაში რთულია კონკრეტული საქმეების მოძიება, ხოლო ძირითადი ინფორმაცია დაზარალებულთა საჭიროებების თუ მტკიცებულების შესახებ გამოტოვებულია ან აღრიცხვის მიღმა რჩება.

სისტემის გაუმართაობის გამო, ევროსაბჭოს დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში შეუძლებელია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ მონაცემების სრულფასოვნად აღრიცხვა. რაც შეეხება სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციას, აღრიცხვისა და მოტინორინგის არსებული ჩარჩო აქაც არასრულფასოვანია – კერძოდ კი, ბუნდოვანია, თუ რომელი ორგანო ან უწყება არის პასუხისმგებელი ამგვარი დანაშაულის იდენტიფიცირებაზე, აღრიცხვასა და მათზე რეაგირებაზე.

ანგარიშში ევროსაბჭო  ასევე განმარტავს, რომ განსხვავებით დღევანდელი ქართული მოდელისა, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის შემთხვევების აღრიცხვის მოდელი შემდეგ ექვს პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს:

  • სისტემა დაზარალებულზე უნდა იყოს ფოკუსირებული;
  • სისტემას უნდა ჰქონდეს კომპლექსური მიდგომა და ითვალისწინებდეს, მათ შორის, სამართალდამცველების გადამზადებასა თუ ტრენინგებს;
  • სისტემა უნდა იყოს საერთაშორისო ნორმებთან თუ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში;
  • სისტემა უნდა იყოს გამჭვირვალე: სისტემა უნდა ქმნიდეს ზუსტ მონაცემებს, რომელიც საზოგადოებისთვის ადვილად არის ხელმისაწვდომი;
  • დანაშაულის აღრიცხვისას სისტემაში გათვალისწინებული უნდა იყოს მომხდარის კონტექსტიც;
  • სისტემა უნდა ფუნქციონირებდეს შესაბამისი სამინისტროების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების თანამშრომლობის პრინციპზე.

სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

ევროპის საბჭო ამბობს, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღრიცხვისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ერთიანი განმარტების შემოღება და იმპლემენტაციაა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სასურველია, ახალი განმარტების გამოყენებისას გათვალისწინებული იყოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53 პრიმა მუხლიც, რაც გულისხმობს:

“დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის”.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ უკანასკნელის გათვალისწინებით, სასურველია, პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სხვა შესაბამისმა უწყებებმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემდეგი განმარტება დანერგონ, კერძოდ:

“სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი დანაშაული, რომელიც ჩადენილია შეუწყნარებლობის გამო, მთლიანად და ნაწილობრივ, რეალური ან აღქმული რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით“.

რაც შეეხება მონაცემების ჩაშლას, ევროპის საბჭოს ახალი ანგარიშის მიხედვით, აუცილებელია სიძულვილით მოტივირებული დანაშაული სტატისტიკურად კლასიფიცირებული იყოს ნიშნისა და დანაშაულის კატეგორიის მიხედვით. ევროპის საბჭოს მიხედვით, ეს კატეგორიები შესაძლოა დაიყოს შემდეგნაირად:

რასა, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, ასაკი, რელიგია, პოლიტიკური და სხვა შეხედულებები; შშმ სტატუსი, ქონებრივი ან სოციალური მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილი; დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშანი.

ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ეტაპზე პრიორიტეტად უნდა დაისახოს სიძულვილით მოტივირებულ კონკრეტულ დანაშაულზე რეაგირება, მათ შორის, შეუწყნარებლობის ან მიკერძოების გამო მუსლიმების, იეღოვას მოწმეებისა და ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ.

სიძულვილის ენა

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების აღრიცხვისა და მონიტორინგის არსებული სისტემებისგან განსხვავებით, სიძულვილის ენის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. მსგავსი მაგალითების დოკუმენტირებას კი საკუთარ თავზე იღებს მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.

ევროპის საბჭოს მიხედვით, სიძულვილის ენასთან დაკავშირებული ინციდენტები მაუწყებლობის მიერ უნდა შუქდებოდეს მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც:

“იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას“.

ევროპის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსკ არ ითვალისწინებს სიძულვილის ენის ზოგიერთ ფორმებს, მათი განსაზღვრა და მონიტორინგი მაინც შეიძლება. ეს უკანასკნელი კი შეიძლება მოხდეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა, მაგალითად, საგნმანათლებლო დაწესებულებებში.

სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს რეკომენდაციაა, რომ შსს-მ, სახალხო დამცველის ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამუშაო ჯგუფი შექმნან, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევების აღრიცხვისა და მონიტორინგის მიზნით.

დისკრიმინაცია

დისკრიმინაციის ინციდენტთა აღრიცხვა და მონიტორინგი ძირითადად ევალება რამდენიმე ორგანოს – სახალხო დამცველის ოფისს, პოლიციას, სასამართლოებსა და არასამთავრობო როგანიზაციებს. ევროპის საბჭოს ანგარიშში წერია, რომ სახალხო დამცველის ოფისს მონაცემთა აღრიცხვისა და შეგროვების მყარი სისტემა გააჩნია, თუმცა მსგავსი შემთხვევების საერთო სისტემაში ხარვეზები აღინიშნება.

ასე მაგალითად, ევროპის საბჭო ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, სასამართლოებს მოეთხოვებათ დისკრიმინაციის საქმეების აღრიცხვა, საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე, რომელიც სასამართლოებში შედის, შესაძლებელია, რომ დისკრიმინაციის შემცველი შემთხვევა აღრიცხვის მიღმა დარჩეს.

ევროპის საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, სახალხო დამცველის ოფისმა, სასამართლოებმა, არასამთავრობო ოორგანიზაციებმა თუ სამართალდამცველმა ორგანოებმა, სასურველია, რომ უკეთესი მონიტორინგისთვის დისკრიმინაციის შემდეგი განმარტება დანერგონ:

“დისკრიმინაცია გულისხმობს ნებისმიერ განსხვავებულ მოპყრობას, მათ შორის, კრიმინალურს, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით, რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება“.

რეკომენდაციის თანახმად, განმარტება უნდა იძლეოდეს შემთხევების მონიტორინგის საშუალებას მაშინაც კი, თუ მათ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს: მაგალითად, სეგრეგაცია, შევიწროება, მათ შორის სექსუალური შევიწროება, თანასწორუფლებიანობის დარღვევა და შშმ პირთა შეზღუდვა.

ასევე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დისკრიმინაციის საქმეების აღრიცხვა ორ ეტაპად უნდა დაიყოს: პირველ ეტაპზე მოხდეს იმ საქმეების რეგისტრაცია, სადაც მომჩივანი ამტკიცებს, რომ იგი დისკრიმინაციის მსხვერპლია. მეორე ეტაპზე კი მოხდეს იმ შემთხვევების აღრიცხვა, სადაც სასამართლო დისკრიმინაციის ფაქტის არსებობას ადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი