ახალი ამბები

მერია ოდიშარიას თაბორის მთაზე კუთვნილ 3 ათას კვ.მ მიწას უცვლის მუხიანში 35 ათას კვ.მ-ში

19 აპრილი, 2019 • 2221
მერია ოდიშარიას თაბორის მთაზე კუთვნილ 3 ათას კვ.მ მიწას უცვლის მუხიანში 35 ათას კვ.მ-ში

თბილისის მერია პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე 3 ათას კვ.მ მიწის სანაცვლოდ მუხიანში 35 ათას კვ.მ მიწას სთავაზობს.

მერიაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა ექსპერტიზის ბიუროს შეფასების საფუძველზე ხდება და გასაცვლელ მიწებს რეალურად  ერთნაირი ღირებულება აქვთ. მერიასა და ოდიშაირიას შორის მიწის გაცვლის საკითხზე თბილისის საკრებულოში დღეს, 19 აპრილს იმსჯელებენ.

“მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა, როგორც ყოველთვის, ასევე ბექა ოდიშარიას შემთხვევაში, განხორციელდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასების საფუძველზე. აღნიშნული ითვალისწინებს გადასაცემი და მუნიციპალიტეტში მისაღები მიწის ნაკვეთების შეფასებას. იმ შემთხვევაში, თუ არის ღირებულებითი თანხვედრა, ხდება მონაცვლეობა. თუ მუნიციპალიტეტის მიერ გადასაცემი მიწის ნაკვეთის ღირებულება მეტია, ვიდრე მოსანაცვლებელი მიწის ნაკვეთი და ამ მიწის ნაკვეთის გაყოფა მიზანშეწონილი არ არის მისი შემდგომი განვითარებიდან გამომდინარე, მესაკუთრე ამატებს თანხას. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ბექა ოდიშარიას მიწის ნაკვეთის შეფასება მოხდა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. ასევე შეფასდა მუხიანში არსებული მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. თანხვედრილი ღირებულებიდან გამომდინარე ხდება მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა,” – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ოდიშარიასთავის მუხიანში მიწის გაცვლის საკითხს საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” არ ეთანხმება. ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს სხვა წევრებს მოუწოდებს,  საკითხს მხარი არ დაუჭირონ.

“ბექა ოდიშარიას 3 ათასი კვ.მ აქვს თაბორის მთაზე და მერიის გადაწყვეტილებით მშენებლობა შეუჩერეს. ახლა ამ ტერიტორიის სანაცვლოდ მუხიანში  35 ათას კვ.მ აძლევენ სამშენებლო ნებართვით. ფაქტობრივად, მას ერთი მიკრორაიონის აშენების შესაძლებლობა ექნება. საკრებულოს უმრავლესობას მოვუწოდებთ, თბილისელების ხარჯზე ასეთ გარიგებაში მონაწილეობას ნუ მიიღებენ,”-აცხადებს ხაბეიშვილი.

13 მარტს კახა კალაძემ ოდიშარიას უარი უთხრა თაბორის მთაზე სასტუმროს პროექტის განხორციელებაზე. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია მეგობრობა და ის, რომ ბექა ოდიშარია მისი თანაპარტიელია, თუმცა, პირველ რიგში, ის ქალაქის ინტერესებიდან გამოდის.

ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე სასტუმროს აშენების სურვილი ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა, თუმცა მერიის მაშინდელმა ხელმძღვანელებმა მას ამ პროექტის განხორციელებაზე უარი უთხრეს, გადაწყვეტილებაში კი ჩაწერეს, რომ საპროექტო ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარეობს.

ოდიშარიამ დედაქალაქის მერიას 21-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მისაღებად კიდევ ერთხელ 2017 წლის ბოლო მიმართა. იმ დროისთვის უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კუთვნილ ტერიტორიას მერიამ საცხოვრებელი ზონა 3-ის სტატუსი მისცა, ხოლო 2018 წლის ივლისში ქართული ოცნების დეპუტატმა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოსგანაც მიიღო გარკვეულწილად დადებითი პასუხი.

პარლამენტარს პროექტში ხარვეზები მერიის არქიტექტურის სამსახურმა აღმოუჩინა, რის გამოსასწორებლადაც რამდენიმეთვიანი ვადა მიეცა, თუმცა საბოლოოდ, 2019 წლის 13 მარტს, ბექა ოდიშარიამ სასტუმროს მშენებლობაზე უარი კახა კალაძისგან მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი