ახალი ამბები

ჰერაკლიონისა და სალონიკის მიმართულებით თბილისიდან პირდაპირი რეისები დაინიშნა

19 აპრილი, 2019 • 1512
ჰერაკლიონისა და სალონიკის მიმართულებით თბილისიდან პირდაპირი რეისები დაინიშნა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაისიდან განახლდება სეზონური რეისების შესრულება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკისა და კუნძულ კრეტის მიმართულებით. რეისებს ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR შეასრულებს. 

ოფიციალური ინფორმაციით, თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით ფრენა Boeing 737-300 ტიპის თვითმფრინავებით 21 მაისიდან 17 სექტემბრამდე კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ სამშაბათს განხორციელდება. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 305 ლარიდან დაიწყება.

17 ივნისიდან კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები კუნძული კრეტის მიმართულებით დაინიშნება. ჰერაკლიონის მიმართულებით რეისები ათდღიანი სიხშირით, Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით 30 სექტემბრამდე შესრულდება. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 465 ლარიდან იქნება. ორივე მიმართულებაზე ბილეთის ღირებულებაში 20 კგ ბარგი, 8 კგ ხელბარგი და ბორტზე კვება შედის.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ დროისათვის საბერძნეთის მიმართულებით არაერთი ავიარეისი სრულდება. თბილისიდან ათენის მიმართულებით ფრენებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines ასრულებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი პირდაპირი რეგულარული რეისები საბერძნეთის მიმართულებით ათენსა და სალონიკში კომპანია Wizz Air ასრულებს. აგვისტოდან საბერძნეთის დედაქალაქის მიმართულებით ფრენის სიხშირე გაიზრდება და ათენში მოხვედრა ქუთაისიდან უკვე შესაძლებელი იქნება კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი