მუშების განცხადებებით არ უნდა ხდებოდეს კომპანიების პასუხისმგებლობის გამორიცხვა – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონისტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი ეთო გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ მუშების მიერ გაკეთებული განცხადებებით კომპანიების პასუხისმგებლობის გამორიცხვა არ უნდა მოხდეს.

საუბარია “პანორამა-თბილისის” მშენებლობაზე მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც მშენებლობიდან სამი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთმა მუშამ კი 18 აპრილს განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომები არა კომპანიამ, არამედ თავად არ დაიცვეს.

გვრიტიშვილის თქმით, კანონის თანახმად, სამშენებლო და შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა კომპანიამ უნდა განახორციელოს, რაც “პანორამა-თბილისის” შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ არ ხდებოდა:

“კანონის თანახმად, პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოებაზე და ზოგადად სამშენებლო უსაფრთხოებაზე უშუალოდ დამკვეთს ეკისრება. შესაბამისად, ინდივიდუალურად მუშა როგორ იქცევა და რამდენად ასრულებს ამ სტანდარტებს, ამ საკითხზე ზედამხედველობა კომპანიამ უნდა განახორციელოს. სახეზეა, რომ კომპანია ამ სახის ზედამხედველობას არ ახორციელებდა.

მეორე საკითხია,  როდესაც  შრომის ინსპექცია შევიდა ადგილზე, გამოიკვეთა სხვა შრომის უსაფრთხოების დარღვევები. შესაბამისად, აქ, სავარაუდოდ, შეგვიძლია ვისაუბროთ არა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე, არამედ ზოგადად სისტემის გაუმართაობაზე. ზუსტად ამის გამო იქნა, სავარაუდოდ, შეჩერებული სიმაღლეზე სამშენებლო სამუშაოები. აქ არ არის საუბარი მარტო ინდივიდუალური მუშის დაუდევრობაზე, ჩვენ ვსაუბრიბთ სისტემურ უსაფრთხოების გაუმართაობაზე”, – უთხრა გვრიტიშვილმა “ნეტგაზეთს”.

იურისტის თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიები ცდილობენ შრომის უსაფრთხოებაზე ინდივიდუალური პასუხისმგებლობა მუშებს დააკისრონ. თუმცა. როგორც გვირტიშვილი აღნიშნავს, საბოლოოდ მთავარ პრობლემად სისტემის გაუმართაობა იკვეთება:

“ზოგადად ხშირად არის ხოლმე კომპანიების მხრიდან მსგავსი მცდელობები, რომ მუშებს დააკისრონ ინდივიდუალური პასუხისმგებლობები შრომის უსაფრთხოებაზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც სისტემის გაუმართაობა იკვეთება ხოლმე ძირითად პრობლემად. როდესაც სისტემა გამართულად მოქმედებს და ხდება მუდმივად ზედამხედველობა თითოულ მუშაზე, რამდენად იცავს ის უსაფრთხოების ნორმებს, სათანადოდ არის თუ არა ეკიპირებული, და ეს დირექტივა, რომ ყველა თანამშრომელმა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების დაცვა, სათანადოდ არის მიწოდებული დამსაქმებლის მხრიდან, პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, აღარ შეგვხვდება მსგავსი პრიბლემები”, – ამბობს გვრიტიშვილი.

EMC-ის იურისტი მიიჩნევს, რომ სიმაღლეზე მშენებლობის გარდა, შრომის ინსპექციამ უნდა შეისწავლოს უსაფრთხოების მიმართულებით სისტემური დარღვევები, შსს-მ კი პასუხი უნდა გასცეს, თუ ვისი ბრალეულობით დაშავდნენ მუშები “პანორამა-თბილისის” მშენებლობაზე. გვრიტიშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც მუშები მსგავს განცხადებებს აკეთებენ, ისიც უნდა შეფასდეს, ეს სიმართლეა, თუ გარკვეული გარემოებები აიძულებთ მათ მსგავსი კომენტარები გააკეთონ:

“ასეთი განცხადებებით არ უნდა ხდებოდეს კომპანიების პსუხისმგებლობის გამორიცხვა და ამაზე ზუსტად პასუხი უნდა გასცეს შრომის ინსპექციამ, რომელმაც შეჩერების გარდა ასევე უნდა გამოიკვლიოს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სისტემური დარღვევები, და ამას ასევე პასუხი უნდა გასცეს შსს-მ და გამოძიებამ, რომელმაც უნდა დაადგინოს, ვისი ბრალეულობა არსებობდა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, მსგავსი განცხადებებით და მედიაში გავრცელებული კომენტარებით არ უნდა შემოიფარგლოს გამოძიება და მათ შორის ისიც უნდა შეფასდეს, რეალურად ასე იყო თუ არა, და მუშები ამ კომენტარებს როცა აკეთებენ მედიაში, ეს სიმართლეს შეესაბამებოდა, თუ გარკვეული გარემოებების გამო იძულებული გახდნენ მსგავსი კომენტარები გაეკეთებინათ”, – უთხრა EMC-ის იურისტმა “ნეტგაზეთს”.


“პანორამა-თბილისის” მშენებლობაზე დაშავებულმა ერთ-ერთმა მუშამ დღეს განაცხადა, რომ უსაფრთხოების ზომები თავად არ დაიცვეს. ერთ-ერთი დაშავებული მუშის მიერ გაკეთებული ეს განცხადება მედიასაშუალებებმა, მათ შორის “იმედმა” და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, გაავრცელეს.

ჟურნალისტებისთვის მშენებლობის ტერიტორიაზე მიცემულ ინტერვიუში დასაქმებული ამბობს, რომ ინციდენტამდე რამდენიმე საათის სამუშაო ჰქონდათ დარჩენილი, მათი უშუალო ხელმძღვანელი ადგილზე არ იმყოფებოდა და თავად არ დაიცვეს უსაფრთხოების ზომები, რის გამოც გადმოვარდნენ.

მუშის თქმით, “პანორამაზე” უსაფრთხოება თავად არ დაიცვეს – რას ამბობს კანონი?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.