ახალი ამბები

ცოტა უცნაური ადამიანია, არ იცოდა ბევრი მიდგომის შესახებ, რაც აქ იყო – კაკულია ქობულიაზე

18 აპრილი, 2019 • 987
ცოტა უცნაური ადამიანია, არ იცოდა ბევრი მიდგომის შესახებ, რაც აქ იყო – კაკულია ქობულიაზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეფასებით, გიორგი ქობულიამ ეკონომიკა იცის, თუმცა საქართველოში არსებული ვითარება ეკონომიკის კუთხით ბოლომდე ვერ აღიქვა.

კაკულია განმარტავს, რომ ვითარებაში გასარკვევად მას გარკვეული დრო სჭირდებოდა, რაც ბუნებრივია.

“ვერ ვიტყოდი, რომ მის საქმიანობას უარყოფითად ვაფასებ. ცოტა უცნაური ადამიანია იმ გაგებით, რომ არ იცოდა ბევრი მიდგომის შესახებ, რაც საქართველოში იყო. რაც შეეხება მის ცოდნას, მე ცუდად არ ვაფასებ. საკმაოდ განათლებული ადამიანია და ეკონომიკაც იცის, მაგრამ საქართველო საკმაოდ სპეციფიკური თემაა. აქ პრაქტიკა გჭირდება, რომ ბოლომდე აღიქვა. ჩემი აზრით, მას ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ეს დროთა განმავლობაში დაბალანსდებოდა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ,”-აცხადებს რომან კაკულია.

ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია დღეს, 18 აპრილს თანამდებობას დატოვებს. ამ ინფორმაციას მთავრობისა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში არ ადასტურებენ.

ქობულია მინისტრის პოსტზე 2018 წლის ივლისში დაინიშნა. ის ბოლო 18 წლის მანძილზე ამერიკულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “McKinsey & Company”-სთან თანამშრომლობდა. ქობულია კომპანიის მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორის პოზიციას იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი