ახალი ამბები

კობერიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტს არსებული სახით მხარს არ დაუჭერს

18 აპრილი, 2019 • 961
კობერიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტს არსებული სახით მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის ის რეკომენდაციები, რომელთა ასახვასაც მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტში აპირებს, საკმარისი არ არის.

“მე არ ვთვლი, რომ საკმარისია ეს ცვლილებები, რაც შედის. დღესაც და გუშინაც უმრავლესობის სხდომაზე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. ვთვლი, რომ შექმნილი მდგომარეობისა და არსებული გამოწვევების ფონზე მხოლოდ ეს ორი ცვლილება – ერთი მთლიანობაში და მეორე ნაწილობრივ – არ არის ადეკვატური. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ სხვა მოცემულობა გვაქვს. თუ შევხედავთ სურათს ისე, თითქოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არანაირი პრობლემა არ არსებობს, მაშინ კიდევ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ეს საკმარისი იყო და შემდგომში კიდევ რაღაც რეგულაცია დამატებულიყო”, – განაცხადა კობერიძემ.

დეპუტატი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს შემდეგ ჩანაწერს:

“ამ ეტაპზე საბჭოს საკმაოდ დაბალი ნდობის მაჩვენებელი აქვს საზოგადოებაში. ვენეციის კომისია ვერ შეაფასებს ნდობის ნაკლებობის საფუძვლიანობას. ამის მიუხედავად, ფაქტი, რომ უმაღლესი საბჭო ამ მდგომარეობაში შეარჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თითქმის ყველა კანდიდატს, რომელთა ერთიანი სია შემდგომში წარედგინება პარლამენტის პოლიტიკურ უმრავლესობას, რომელიც დანიშნავს უზენაესი სასამართლოს თითქმის ყველა მოსამართლეს, არის სამწუხარო. ამ ყევლაფერმა შეიძლება, გამოიწვიოს საზოგადოების მაღალი ნდობის დაქვეითება ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მიმართ, როგორსაც წარმოადგენს უზენაესი სასამართლო. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გრძელვადიანი რისკები არის უფრო მაღალი ისეთ საზოგადოებაში, რომელსაც პოლიტიკური პოლარიზაცია ახასიათებს”.

ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ პრობლემაა თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში, გარდა არამოსამართლე წევრებისა.

კობერიძის თქმით, ის მომხრეა, კანონპროექტი ნაჩქარევად არ იქნას მიღებული.  ასევე, იზიარებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ კანდიდატებისთვის ხმის მიცემა ფარული კენჭისყრით არ უნდა მოხდეს.

“არსებული ცვლილებები საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მე, როგორც ურმავლეოსობის წევრმა, დავაჭირო მწვანე ღილაკს. იმედი მაქვს, რომ მნიშვნელოვანი რაც არის – ღია კენჭისყრასთან დაკავშირებით, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით – ცვლილებები თუ არ იქნა შეტანილი, მე ამ კანონპროექტს მხარს ვერ დავუჭერ”, – განაცხადა კობერიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

ამავე თემაზე:

რას ითვალისწინებს და რას არა “ოცნება” ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი