ახალი ამბები

“ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მითქვამს” – კობახიძე ბილწსიტყვაობას უარყოფს

18 აპრილი, 2019 • 2301
“ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მითქვამს” – კობახიძე ბილწსიტყვაობას უარყოფს

“რუსთავი 2”-მა გამოაქვეყნა პარლამენტის პლენარული სხდომის ვიდეოჩანაწერი, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ანრი ოხანაშვილს მიმართავს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, იმ დროს, როცა მთავარი მიკროფონები გათიშული იყო, ერთ-ერთი გაუთიშავი მიკროფონიდან პირდაპირი ტრანსლაციის სიგნალზე ირაკლი კობახიძის ხმა გაიპარა.

რ2-ის ჩანაწერის თანახმად, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ოპოზიციის ხმაურის ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვს შესვენების გამოცხადებას და დამოუკიდებლად საკითხის განხილვას, სწორედ ამ დროს პასუხობს კობახიძე შეურაცხმყოფელი ეპითეტით.

მას შემდეგ, რაც ვიდეო გამოქვეყნების შემდეგ “ევროპული საქართველოს” წევრებმა, ირმა ნადირაშვილმა და გიგა ბოკერიამ, სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს ტერმინოლგიაზე მიუთითეს, ირაკლი კობახიძემ განმარტება გააკეთა.

“მე ვერ გავიგე, ქალბატონი ირმა და ბატონი გიგა რას გულისხმობდნენ. ახლა ვნახე, თურმე “რუსთავი 2”-ს უყურებენ. მე გამიკვირდა, ისინი როგორ უყურებენ “‘რუსთავი 2″-ს. ტყუილი ინფორმაცია არის გავრცელებული. მსგავსი რამ მე არ მითქვამს. ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეგ სიტყვა ცხოვრებაში არ მიხმარია, განსხვავებით ამ ტელევიზიის დირექტორისგან. ჩემი თხოვნაა, ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებთ პლენარულ სხდომაზე. ეს არის ნიკა გვარამიას ხელწერა. ნიკა გვარამია ჩემი შენ გითარის პრინციპით მოქმედებს ცხოვრებაში, არ მითქვამს ეს სიტყვა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის რეპლიკა დარბაზში მანაც გაიგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი