ახალი ამბები

პატარაია და წითლიძე 2000-2000 ლარით დააჯარიმეს ზუგდიდის ინციდენტთან დაკავშირებით

18 აპრილი, 2019 • 1089
პატარაია და წითლიძე 2000-2000 ლარით დააჯარიმეს ზუგდიდის ინციდენტთან დაკავშირებით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრები, ანი წითლიძე და გიორგი პატარაია, ზუგდიდის სასამართლომ 18 აპრილს სამართალდამრღვევებად ცნო და 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა. მათ პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.

ინფორმაცია ნეტგაზეთს ენმ-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს. წითლიძე და პატარაია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით, 11 აპრილს დააკავეს ზუგდიდის სოფელ ნარაზენთან.

ისინი ენმ-ის კანდიდატს ზუგდიდში, სანდრა რულოვსს თან ახლდნენ ნარაზენში მოსახლეობასთან შეხვედრაზე. პარტიის თანახმად, შტაბის წევრებს მთელი დღის განმავლობაში მანქანა დაჰყვებოდა. სწორედ ამ მანქანასთან მივიდნენ ენმ-ის წევრები და მათ საბუთების წარდგენა მოსთხოვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

შსს-ს ვერსიით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან „სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“.

„სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ხელწერილის საფუძველზე პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა“, — განაცხადა შსს-მ.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ ტვ პირველზე სატელეფონო ჩართვისას საპირისპირო განაცხადა, — მან თქვა, რომ პოლიციამ, „ნაცვლად იმისა, გაერკვია, ვინ იყვნენ ისინი, ვინც უკანონო თვალთვალს ახორციელებდა კანდიდატზე [სანდრა რულოვსზე], პროვოკაცია მოუწყვეს“ ოპოზიციონერებს.

ნახეთ ასევე:

დაჰყვებოდნენ თუ არა სამოქალაქო ფორმიანი პოლიციელები ზუგდიდში რულოვსის შტაბის წევრებს

მასალების გადაბეჭდვის წესი