ახალი ამბებისაზოგადოება

ცირკი ცხოველების გარეშე! – თბილისის ცირკთან საპროტესტო აქცია გაიმართება

18 აპრილი, 2019 • 6056
ცირკი ცხოველების გარეშე! – თბილისის ცირკთან საპროტესტო აქცია გაიმართება

ცირკი ცხოველების გარეშე ! – ამ ლოზუნგით 4 მაისს, 17:00 საათზე, იური ნიკულინის დასის წარმოდგენის პარალელურად, თბილისის ცირკის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. სოციალურ ქსელში დაგეგმილი ღონისძიებით უკვე 4500-ზე მეტი ადამიანია დაინტერესებული, ხოლო 1300-ზე მეტმა აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

თბილისში მოწვეული მოსკოვის წარმოდგენებში აქტიურად გამოიყენებენ ცხოველებს (მაიმუნები, ლომები, ვეფხვები, ძაღლები), რასაც ცხოველთა დამცველები ეწინააღმდეგებიან.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საცირკო წარმოდგენებში როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველების გამოყენების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას და, საჭიროებისამებრ, საზღვარგარეთიდან იმ პოპულარული საცირკო დასების მოწვევას, რომლებშიც არ ხდება ცხოველების გამოყენება:

“ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში გვყავს ნიჭიერი აკრობატები, ილუზიონისტები, ჟონგლიორები, ჯამბაზები, მოცეკვავეები, სახელმწიფოს მოვუწოდებთ, განახორციელოს ქართული ცირკის მხარდაჭერა და ინვესტიციის ჩადება იმ ადამიანებში, რომლებსაც შეუძლიათ თანამედროვე, ჰუმანური ცირკის აშენება”.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორი მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, საერთაშორისი დონეზე საქართველოს რეპუტაციის ამაღლებას და ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს.

  • რატომ ითხოვენ ცხოველთა გამოყენების აკრძალვას ცირკში?

საპროტესტო აქციის ორგანიზატორის, ლიკა ბაციკაძის განცხადებით, მრავალი დოკუმენტური მასალა არსებობს იმის დასადასტურებლად, რომ ცირკებში ცხოველები მათთვის შეუსაბამო და აუტანელ გარემო-პირობებში იმყოფებიან. როგორც ლიკა ამბობს, მოგზაურ ცირკებში გამოყენებული გარეული ცხოველებისთვის კი განსაკუთრებით მწვავედ გადასატანია მომთაბარე ცხოვრება:

ამასთან, ე.წ ცირკის ცხოველებს უწევთ იმგვარი მოქმედებების შესრულება, რაც მათ ბუნებრივ მდგომარეობას არ შეესაბამება. ცირკებში ცხოველების გასაწვრთნელად და მათ მიერ კონკრეტული ქცევის/ილეთის დასასწავლად გამოიყენება ისეთი ძალადობრივი მეთოდები, როგორებიცაა დიდი ხნის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე დატოვება, იძულება, ტკივილის მიყენება (მათ შორის ჯოხების, ბასრი, მჩხვლეტავი საგნების, ელექტროშოკერების გამოყენებით), ფსიქოლოგიური ზეწოლა, წამება, დიდი ხნის განმავლობაში დაბმა, სხვა ცხოველებისგან იზოლაცია, პატარა ზომის გალიებში გამოკეტვა და ა.შ. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ისინი განთავსებულნი არიან ანტისანიტარიულ პირობებში, ხოლო მათი სამედიცინო საჭიროებები ხშირად უგულებელყოფილია”.

აქციის ორგანიზატორი ამბობს, რომ ცირკში არსებული პირობები და ცხოველებისადმი მოპყრობა მათში დაუცველობის განცდას იწვევს. მისი თქმით, შემდგომში ეს სტრესის, ფრუსტრაციის, აგრესიის და თვითდესტრუქციული ქცევის განმაპირობებელი ხდება, ყოველივე ეს კი რიგ შემთხვევებში მსხვეპლით სრულდება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ცირკში ცხოველების გამოყენებას არ აქვს არც საგანმანათლებლო და არც კონსერვაციული ფუნქცია, არამედ, მისი დანიშნულებაა ადამიანების გართობა სხვა ცოცხალი არსებების წამების ხარჯზე. როდესაც ჩვენ ვყიდულობთ ცირკის ბილეთს, რომელშიც ხდება ცხოველების გამოყენება, ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ სისასტიკეს!” – აცხადებს ლიკა.

ბაციკაძე აღნიშნავს, რომ მსოფლიოს მასშტაბით ცირკებში ცხოველების გამოყენების ტენდენცია თანდათან კლებულობს: “მეტიც, უფრო და უფრო მეტად პოპულარი ხდება საცირკო დასები ცხოველების გარეშე, რომლებიც საინტერესო და ამაღელვებელ შოუებს სთავაზობენ მაყურებელს. მათ შორისაა: Cirque du Solei, Circus Vargas, Circus Oz, Cirque Productions.”

მისი თქმით, დღესდღეობით მრავალ ქვეყანაში დაწესებულია ნაციონალური, რეგიონული თუ ლოკალური შეზღუდვები გარეული ან ყველა ცხოველის გამოყენებაზე ცირკებში, მათ შორისაა: საბერძნეთი, კვიპროსი, ბონია და ჰერცოგოვინა, მალტა, ბოლივია, პოლონეთი, კოლუმბია, ხორვატია, კოსტა-რიკა, ისრაელი, იტალია, ლუქსემბურგი, რუმინეთი, სლოვაკეთი, შოტლანდია, სინგაპური, ისრაელი, ფინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, დანია, ხორვატია, ესტონეთი, გერმანია, მექსიკა, შვედეთი, ინდოეთი, პერუ.

როგორც ლიკა ბაციკაძე აცხადებს, დროა, საქართველოშიც დავნერგოთ პროგრესული და ეთიკური მიდგომები:

ამიტომ თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც სურს ცივილიზებულ საზოგადოებაში ცხოვრება გელოდებით 4 მაისს, 17:00 საათზე, ცირკის შენობასთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად”.

ლიკას თქმით, აქციას ასევე ექნება საგანმანათლებლო ხასიათი, სადაც წარმოადგენენ ფოტო-ვიდეომასალას და დაარიგებენ საინფორმაციო ფლაერებს.

თბილისის ცირკის პასუხი

თბილისის ცირკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ცხოველებზე ძალადობას თვითონაც ეწინააღმდეგებიან და აღნიშანვენ, რომ ყოველივე ეს მომთვინიერებელთა არაპროფესიონალიზმით არის გამოწვეული.

ცირკის განცხადებით, თბილისის ცირკში არ ჩამოჰყავთ ისეთი დასი, რომელშიც ცხოველების მიმართ ხდება ძალადობა:

ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ პროფესიონალებთან. მათთვის კი ცხოველები ოჯახის წევრები არიან და არა მხოლოდ ფულის შოვნის გზა”.

თბილისის ცირკის განცხადებით, არსებობს უამრავი საშუალება ცხოველის ჰუმანური მეთოდებით გამოსაზრდელად.

“რა თქმა უნდა, ცხოველების წამება მკაცრად უნდა ისჯებოდეს არა მარტო ცირკში, არამედ სრულიად საქართველოში”, – აცხადებს ცირკის ადმინისტრაცია.

ცირკის ადმინისტრაცია აპირებს, გაავრცელოს იური ნიკულინის დასის წარმოდგენისა და რეპეტიციების ვიდეოები საკუთარ ფეისბუკის გვერდზე, რათა საზოგადოება დაარწმუნოს, რომ თბილისის ცირკში ცხოველებზე ძალადობას ადგილი არ აქვს.

პასუხის პასუხი თბილისის ცირკს

ლიკა ბაციკაძის განცხადებით, ნაცვლად თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალებით გამოსავლის ძიებისა, თბილისის ცირკი ცდილობს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და ირწმუნება, რომ არ იწვევს ისეთ დასებს, რომლებშიც ცხოველებს სასტიკად ეპყრობიან და ცხოველებზე ძალადობა მწვრთნელების არაპროფესიონალიზმის დამსახურებაა.

დაგეგმილი აქციის ორგანიზატორის განცხადებით, თბილისის ცირკს, რამდენიმე ცირკის მსგავსად, არ გააჩნია კონტროლის მექანიზმი/სამართლებრივი ბერკეტი იმის შესამოწმებლად, თუ როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთის ცირკის დასის მიერ მის “საკუთრებაში” არსებული ცხოველების წვრთნა. ბაციკაძის თქმით, ეს საკითხი უმეტესწილად სწორედ დასის ადგილობრივი ქვეყნის ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვის კუთხით არსებული ნორმატიული ბაზის პრეგოგატივაა.

სამწუხაროდ, ეს ბევრ ქვეყანაში არ არის სრულყოფილი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ამ მხრივ გაცილებით მწვავე მდგომარეობაა. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც დეტალურად დაარეგულირებდა როგორც ცირკში ცხოველებთან მოპყრობის, ისე მომვლელების/მწვრთნელების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს. გამომდინარე იქიდან, რომ არაბუნებრივ პირობებში ცხოველებში სტრესი მატულობს, ეს იწვევს მათში აგრესიულ ან თვითდესტრუქციულ ქცევას, რაც შემდგომში მსხვერპლით სრულდება. ამგვარი შემთხვევები პრაქტიკაში მრავლად არსებობს”.

ლიკა ბაციკაძე იხსენებს 2014 წელს თბილისის ცირკში მომხდარ ფაქტს, როდესაც ლომი მომთვინიერებელს თავს დაესხა. მომთვინიერებელი ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ კლინიკაში (რესპუბლიკურ საავადმყოფოში) გარდაიცვალა.

დააკლიკეთ სრული პასუხის წასაკითხად

“სამწუხაროა, რომ ნაცვლად თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალებით გამოსავლის ძიებისა, თბილისის ცირკი ცდილობს საზოგადოების სიცრუეში შეყვანას. ის ირწმუნება, რომ არ იწვევს ისეთ დასებს, რომლებშიც ცხოველებს სასტიკად ეპყრობიან და რომ ცხოველებზე ძალადობა მწვრთნელების არაპროფესიონალიზმის დამსახურებაა. ამასთან, ცირკი საზოგადოებას ჰპირდება ,,რეპეტიციების“ ვიდეოების გამოქვეყნებას.

ქალბატონებო/ბატონებო! თბილისის ცირკს, (მსგავსად სხვა რამდენიმე ცირკისა) არ გააჩნია კონტროლის მექანიზმი/სამართლებრივი ბერკეტი იმის შესამოწმებლად, თუ როგორ მიმდინარეობს საზღვარგარეთის ცირკის დასის მიერ მის ,,საკუთრებაში“ არსებული ცხოველების წვრთნა. აღნიშნული საკითხი უმეტესწილად სწორედ დასის ადგილობრივი ქვეყნის ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვის კუთხით არსებული ნორმატიული ბაზის პრეგოგატივაა. რაც, სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში არ არის სრულყოფილი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ამ მხრივ გაცილებით მწვავე მდგომარეობაა. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც დეტალურად დაარეგულირებდა როგორც ცირკში ცხოველებთან მოპყრობის, ისე მომვლელების/მწვრთნელების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს. გამომდინარე იქიდან, რომ არაბუნებრივ პირობებში ცხოველებში სტრესი მატულობს, ეს იწვევს მათში აგრესიულ ან თვითდესტრუქციულ ქცევას, რაც შემდგომში მსხვერპლით სრულდება. ამგვარი შემთხვევები პრაქტიკაში მრავლად არსებობს. საქართველოშიც დაფიქსირდა ფაქტი 2014 წელს, როდესაც ლომი მომთვინიერებელს დაესხა თავს.

რაც შეეხება გაწვრთნის პროცესს. თქვენ გავიწყდებათ (ან განზრახ უგულებელყოფთ) არსებითი რამ, ცხოველზე განხორციელებული ძალადობა კონკრეტული მწვრთნელის არაპროფესიონალიზმის ბრალი კი არ არის, არამედ, თავად ,,ცხოველების ცირკის“ სისტემისთვის თვისობრივად დამახასიათებელი მოვლენაა. სამწუხაროდ, ძალადობრივი მეთოდი წარმოადგენს მიზნის მიღწევის ეფექტურ საშუალებას, ცხოველების (მით უმეტე,ს გარეული) ბუნებრივი და ქცევითი თავისებურებებიდან გამომდინარე. სწორედ იმიტომ, რომ მომთვინიერებლებისთვის სასურველი შედეგი მიიღწეოდა დასჯისა და ნეგატიური განმტკიცების საშუალებებით, ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა ცირკში ცხოველების გამოყენებაზე. იყო პრაქტიკაში მოდიფიცირებული/პოზიტიური მიდგომების დანერგვის მცდელობა, თუმცა ამან გრძელვადიან პერსპექტივაში არ გაამართლა.

არ უნდა დავივიწყოთ ე.წ ,,მოგზაური ცირკები“, რადგან ამ შემთხვევებში პრაქტიკულად წარმოუდგენელია ტრანსპორტირებისას ცხოველების საჭიროებების დაკმაყოფილება. ცირკში მომუშავე ადამიანები ხშირად ამტკიცებენ, რომ ცხოველებს კარგად ექცევიან და მათზე ზრუნავენ, თუმცა ბრისტოლის უნივერსიტეტის 2009 წლის მეცნიერული მიმოხილვა ,,რამდენად შეეფერებიან გარეული ცხოველები ცირკის მომთაბარე ცხოვრებას?’’ ამტკიცებს, რომ შეუძლებელია ცხოველთა ქცევისა და კეთილდღეობის სტანდარტების დაკმაყოფილება მოგზაურ ცირკებში. მეცნიერები ასკვნიან, რომ გარეული ცხოველები ყველაზე მეტად ვერ ეგუებიან ცირკის ცხოვრებას. ასე რომ, ვითომ ,,ჰუმანური” გაწვრთნისა და მოპყრობის მეთოდებით საზოგადოების გონიერ ნაწილს ვერ გადაარწმუნებთ. რთული წარმოსადგენია ბუნებრივ პირობებში, საკუთარი ნებით სელაპი ბურთს სინქრონულად კენწლავდეს, ვეფხვი ცეცხლოვან რგოლში ხტებოდეს, ლომი სხვა ლომებს თავზე ახტებოდეს და უკანა თათებზე დამდგარი ცეკვავდეს, სპილო ხელებზე დადიოდეს ან დათვი ველოსიპედით სეირნობდეს. კიდევ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება მარტივი ჭეშმარიტების გამო: ეს არ არის ამ ცხოველების ბუნებრივი მდგომარეობა! შეუძლებელია ცხოველი თავს გრძნობდეს დაცულად, თავისუფლად და ბედნიერად იქ, სადაც მას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ტყვეობაში ამყოფებენ და მუდმივ რეჟიმში აიძულებენ იმ ქცევის დასწავლას, რაც მის ბიჰევიორისტულ თავისებურებებში არ ჯდება.

ნუ დავივიწყებთ იმ ფაქტსაც, რომ ცირკების მიერ ცხოველების ,,შეძენა“ უმეტესად ხდება არალეგალური გზებით და ამ ცხოველების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ ბრაკონიერებისგან თუ მონადირეებისგან შესყიდული დაობლებული, ასევე მშობლისგან პატარაობიდანვე (რიგ შემთხვევებში უკანონოდ) მოტაცებული სახეობები. მეტიც, პატარაობიდანვე ეს ცხოველები იმგვარ სტრესს განიცდიან, რაც შემდგომში გამრავლების ინსტიქტსაც კი თრგუნავს მათში.

სამწუხაროდ, რაც არ უნდა გადაიღოთ და დაამონტაჟოთ, უკვე არსებობს დაუმუშავებელი ფარული ჩანაწერები, რომლებიც ნათლად ასახავს ცირკის კულისებს მიღმა (მათ შორის მოსკოვის ცირკის) არსებულ ვითარებას. გარდა ამისა, ცალკე საკითხია წვრთნის დოკუმენტირება/გასაჯაროება და ცალკე უკვე ტერორის ხარჯზე გაწვრთნილი ცხოველების ,,რეპეტიციების“. ასე რომ, საზოგადოებისთვის თქვენ მიერ გავრცელებული ,,კონტრარგუმენტები“ დამაჯერებელი ვერ იქნება.

დაბოლოს, ცირკში ცხოველების გამოყენებას არ აქვს არც საგანმანათლებლო და არც კონსერვაციული ფუნქცია, არამედ ის ემსახურება ადამიანების გართობას, სხვა ცოცხალი არსებების წამების ხარჯზე.

ჩვენ მოგიწოდებთ, გაიაზროთ საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობა ამ პროცესში და წამოხვიდეთ თანამშრომლობაზე, რათა ერთად შევცვალოთ არსებული პრაქტიკა.

ჩვენ, ცივილიზებული საზოგადოების წევრებს, არ გვსურს, ცხოველები გასართობი მიზნებისთვის იტანჯებოდნენ! იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენც ამ საზოგადოებას მიაკუთვნებთ საკუთარ თავებს და აირჩევთ თანაგრძნობას, ნაცვლად სასტიკი ბიზნესის ხელშეწყობით მოპოვებული ფინანსური ბენეფიტებისა. გვერწმუნეთ, ცხოველების გამოყენების გარეშეც შესაძლებელია ცირკმა მოიპოვოს პოპულარობა და ნახოს მატერიალური სარგებელი.

ჩვენ არ გვსურს თქვენთან ბრძოლა, ჩვენ გვსურს თქვენთან ერთად ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის !

აქვე გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი გეგმავს უახლოეს პერიოდში ცირკის ადმინისტრაციისთვის წერილით მიმართვას, რასაც ასევე გავასაჯაროებთ.

P.S ცხოველების ადგილი ცირკში არ არის!”

მასალების გადაბეჭდვის წესი