ახალი ამბებიკომენტარი

რაზე მიანიშნებს სააკაშვილის რეპლიკა დასავლეთის “კოლონიალიზმზე”

18 აპრილი, 2019 • 5110
რაზე მიანიშნებს სააკაშვილის რეპლიკა დასავლეთის “კოლონიალიზმზე”

მიხეილ სააკაშვილის მიერ ვარშავაში გაკეთებულმა განცხადებამ დასავლეთის “კოლონიალურ მიდგომებთან” დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საქართველოს მესამე პრეზიდენტის რეპლიკა მმართველ გუნდში დასავლეთსა და რუსეთს შორის ტოლობის ნიშნის დასმად შეაფასეს, რასაც “ნაციონალურ მოძრაობაში” აბსურდად მიიჩნევენ. თუმცა საკითხზე თაობაზე პარტიული წრეების მიღმაც მსჯელობენ.

მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 16 წლის წინ საქართველოს პრეზიდენტად არჩევისთანავე  ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს ადგა, დასავლეთი და კოლონიალიზმი ერთ კონტექსტში გასულ კვირას, პოლონეთის დედაქალაქში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრისას მოიხსენია. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპას სურს წარმატებული უკრაინა, თუმცა, “რაღაც ჩარჩოებში”. აქვე ისაუბრა, ერთი მხრივ, რუსეთის ინტერესებზე, მეორე მხრივ კი, დასავლეთზე, რომელსაც, მისი თქმით, “ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს”.

“რეფორმები უკრაინაში არ უნდა ჩატარდეს საზღვარგარეთიდან. მე, აი, წავიკითხე სათაური „უკრაინსკაია პრავდაში“ – მაკრონი არწმუნებს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომ მას შეუძლია მათთან მოლაპარაკება.  არავისთან არ არის საჭირო მოლაპარაკება. რეფორმები უკრაინაში სავალუტო ფონდისთვის არ უნდა ჩატარდეს. ჩემთვის ყველა ეს სტრუქტურა კარგადაა ცნობილი. აი, რა მინდა გითხრათ თქვენ – დიახ, ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა არსებობდეს, რომ ის იყოს წარმატებული, ოღონდ რაღაც ჩარჩოებში. ძალიან წარმატებული უკრაინა არავის არ სჭირდება. ნუ მოვიტყუებთ თავს… ისე, როგორც ძალიან წარმატებული საქართველო არავის არ სჭირდებოდა. ყოველთვის ყველას, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებს… ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს პუტინი, რომლსაც უკრაინის არსებობა საერთოდ არ სჭირდება, რომლისთვისაც უკრაინა არის ანაქრონიზმი და მისი არსებობა მისთვის გაუგებარია, მეორე მხრივ, არსებობს დასავლეთი, რომელსაც ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს: კარგი, იყოს უკრაინა, მაგრამ სადღაც კუთხეში. რაში სჭირდებათ მათ უკრაინაში ავიამშენებლობა… კოსმოსური… მათ სჭირდებათ უკრაინელები, როგორც სამუშაო ძალა… დიახ, ეს ასეა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ბაკურ კვაშილავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამ განცხადებას პრობლემურად მიიჩნევს. პოლიტოლოგი ამბობს, რომ მსგავს გზავნილებს საკითხის განხილვა გადაჰყავს ჭრილში, რომელიც რუსული პროპაგანდის კონტექსტს ემთხვევა.

“…რეალურად, რუსული პროპაგანდის მთავარი მიზანი მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო არა ის, რომ რუსეთი ანგელოზია და ყველასთვის სიკეთე უნდა, არამედ ის, რომ დასავლეთიც ზუსტად ისეთივე ეგოისტია, როგორიც ჩვენ, და თუ ჩვენ იმპერია ვართ, ასეთივეა დასავლეთიც. აქედან გამომდინარე არის პრობლემური ეს განცხადება და, ფაქტობრივად, საკითხის განხილვა გადადის ისეთ ჭრილში, როგორიც აწყობს რუსეთს. აქედან გამომდინარეა ეს განცხადება პრობლემური ჩემთვის და, ალბათ, მისი ევროპელი პარტნიორებისთვისაც”, – განუცხადა კვაშილავამ “ნეტგაზეთს”.

კითხვაზე, მიანიშნებს თუ არა სააკაშვილის ეს რეპლიკა მისი საგარეო პოლიტიკური ხედვის რაიმე ფორმით ცვლილებაზე, ბაკურ კვაშილავას პასუხის გაცემა უჭირს, თუმცა კვლავ აღნიშნავს, რომ განცხადება არასწორი და პოლიტიკოსისთვის არამომგებიანია.

“თვითონ განცხადება ისეა ფორმულირებული, რომ ძალაუნებურად ტოლობის ნიშანი დგება რუსეთსა და დასავლეთს შორის”, – ასე ფიქრობს ანალიტიკოსი გიორგი ცხადაია. მისი აზრით, სააკაშვილის განცხადების ფორმულირება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დასავლური სამყაროსა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთთანაა გაიგივებული.

“…ჩვენ დავისახეთ მიზანი ევროკავშირისა და ნატოს წევრობის შესახებ და ამ განცხადებით გამოდის, რომ ეს ჩვენთვის საზიანო იქნება. ჩვენ რუსეთი არ მოგვწონს კოლონიალისტური მიდგომების გამო და ამიტომ არ გვინდა მასთან მეგობრობა, ევრაზიულ კავშირში ყოფნა დ ა.შ. ამ ფორმულირებით ასე ჩანს, რომ თუ ნატოსა და ევროკავშირში იგივე რამ ხდება, იგივეა ხარისხობრივად და თავისი არსით ისეთივე ჩაგვრაა, როგორიც რუსეთი, რა გვინდა მაშინ იქ…” – აცხადებს ცხადაია და ექსპრეზიდენტის განცხადებას გაუაზრებელს უწოდებს.

ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის გამონათქვამები უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტზე იყოს მორგებული, რომლის მონაწილე და ოდესის ყოფილი გუბერნატორისათვის მოქალაქეობის დაბრუნების მომხრე, ვოლოდიმირ ზელენსკი, მსგავს გზავნილებს ახმიანებს.

“კანდიდატი ზელენსკი, რომელმაც სააკაშვილის დაბრუნებას მხარი დაუჭირა, სწორედ ამ განწყობებზე თამაშობს, რომ აი, დასავლეთსაც ჩვენთვის ცუდი უნდა.

…შესაძლოა, ეს პოპულიზმი აქეთ იყო მიმართული. ეს უბრალოდ ჩემი ვარაუდია, რომ შეიძლება ასეთ განწყობებზე თამაშობს. მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ყველა პოლიტიკოსი რაღაც განწყობებზე თამაშობს. “პატრიოტთა ალიანსი” და ნინო ბურჯანაძეც რაღაც განწყობებზე თამაშობენ. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ ეს განცხადება არის გაუაზრებელი, არათანმიმდევრული და საზიანო ჩვენი ინტერესებისა და დემოკრატიული განვითარებისთვის”, – ამბობს გიორგი ცხადაია.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში გიორგი ბარამიძე გამორიცხავს, რომ სააკაშვილმა დასავლეთი და რუსეთი რაიმე ფორმით გააიგივა. მისი თქმით, ეს “ქართული ოცნების” ნარატივია, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

ბარამიძეს მიაჩნია, რომ ექსპრეზიდენტს საქართველოს თუ უკრაინის პროდასავლური კურსის მნიშვნელობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია. უბრალოდ, შეეცადა, ხაზი გაესვა, რომ საზოგადოებამ თვალი დასავლეთის მინუსებსაც უდა გაუსწოროს. ამ კონტექსტში ბარამიძე დასავლეთის რეაქციას ახსენებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე.

“მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ და ნათლად თქვა, რომ რუსეთისთვის საერთოდ მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოების, უკრაინისა და საქართველოს არსებობა, ამიტომ რუსეთი არის მტერი და რუსეთთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. რაც შეეხება იმ ოჯახს, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ, ვისაც ჩვენ ვეკუთვნით ცივილიზაციურად და კულტურულად, იქით სიარული არ ნიშნავს რომ ჩვენ არ გვესმოდეს როგორც პლუსები, ისე მინუსები მის შიგნით.

ეს ოჯახი იყო, რომელმაც თავის დროზე, მიუხედავად ჩვენი განწირული გაფრთხილებებისა რუსეთის თავდასხმებზე, არ გაიგონა, რომ რუსეთი ამზადებს თავდასხმას საქართველოზე. იგივე ბუქარესტის სამიტზე რაც მოხდა, ამის ნათელი გამოვლინება იყო. ბევრმა ამას დაარქვა, რომ ეს იყო დასავლეთის სისუსტე და ა.შ. დასავლეთი იყო მოდუნებული და ნაკლებად აქცევდა ყურადღებას იმ ფასეულობებსა და პრინციპებს, რომლებზეც დგას დასავლური სამყარო”, – აღნიშნავს ის.

გია ბარამიძის თქმით, ტერმინს “კოლონიალური” თავად არ გამოიყენებდა, თუმცა სააკაშვილის განცხადების პათოსს სრულად იზიარებს:

“მე პირადად, რა თქმა უნდა, ამ ტერმინს არ გამოვიყენებდი. მე მიმაჩნია, რომ ეს აზრი, რაც მან გამოხატა, შეიძლება, სხვა ფორმულირებით ითქვას. აზრი არის აბსოლუტურად ნათელი და მკაფიო და აბსოლუტურად ვიზიარებ, რომ უნდა გვესმოდეს: იმ ოჯახში, რომელსაც ვეკუთვნით და საითაც მივდივართ, იქ არის სირთულეები, არის კონკურენცია, ხანდახან გაუგებრობებიც და გადახვევებიც იმ პრინციპებისა და ღირებულებების დაცვაში”.

მიხეილ სააკაშვილს თავის განცხადებაზე დამატებითი განმარტება არ გაუვრცელებია. მან მხოლოდ ყოფილი თანაგუნდელის, ამჟამად “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებას უპასუხა. ბოკერიამ სააკაშვილის რეპლიკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ყველა ასეთი ტიპის განცხადება “წყლის დასხმაა პუტინის პროპაგანდის წისქვილზე”. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მას ასე გამოეხმაურა:

“ლოზუნგური აზროვნების კლასიკური ნიმუში – ეს ასეთი შტერი არ იყო და აბა, რა თავს იშტერებს – ვითომ ვერ გაიგო, რა ვთქვი”, – დაწერა სააკაშვილმა ბოკერიაზე.

ერთი მხრივაა პუტინი, მეორე მხრივ  დასავლეთი, ასევე კოლონიალური მიდგომებით -სააკაშვილი უკრაინელებს მიმართავს

ეს ასეთი შტერი არ იყო და აბა, რა თავს იშტერებს? – სააკაშვილი ბოკერიაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი