ახალი ამბები

ქუჩაში გრაფიტის დახატვა მოსამართლემ სამართალდარღვევად მიიჩნია

18 აპრილი, 2019 • 1862
ქუჩაში გრაფიტის დახატვა მოსამართლემ სამართალდარღვევად მიიჩნია

„თვითონ ქმედება ქმნის შემადგენლობას ამ სამართალდარღვევისა, რაზეც ოქმია შედგენილი…“ – აღნიშნა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ.

17 აპრილს ამ მოსამართლემ მოქალაქე ლაშა თებიძე სამართალდამრღვევად მიიჩნია კოლონადებთან უნებართვოდ შესრულებული გრაფიტის გამო. ამავე დროს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გრაფიტის დახატვა ქუჩაში „მცირე მნიშვნელობის მქონედ“ შეაფასა და მოქალაქე დაკისრებული ჯარიმის – 500 ლარის გადახდისგან გაათავისუფლა.

გრაფიტი „არა ქიმიურ ტერმინალს“ 5 თებერვალს დახატეს  ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში. ნახატი გვიან ღამით ბათუმის მერიის თანამშრომლებმა წაშალეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ლაშა თებიძის წინააღმდეგ შეადგინეს.

„მე ესკიზი მოვამზადე. ხატვაში გამვლელებიც იყვნენ ჩართულები, ჩვენ ამით არავისთვის შეგვიშლია ხელი. ამ ფორმით პროტესტი გამოვხატეთ და არაფერი დაგვიშავებია,“ – გვითხრა ლაშა თებიძემ.

„ამ გადაწყვეტილებით სასამართლო იჭრება გამოხატვის თავისუფლებაში, რომელიც კონსტიტუციის დაცული უფლებაა,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის სასამართლოში ლაშა თებიძის ინტერესებს იცავს და გოჩა ფუტკარაძის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

იურისტი სასამართლოს არაერთგვაროვან პრაქტიკაზეც მიუთითებს – 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდარვევა არ დაადგინა „აუდიტორია 111“-ის საქმეზე. მაშინ ჭავჭავაძის ქუჩაზე სტენსილი გაჩნდა – „მოვითხოვოთ განათლების რეფორმა“. სასამართლომ ეს ფაქტი სამართალდარღვევად არ მიიჩნია, რადგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით, „თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება გულისხმობს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე.“.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძეს არ დაუკონკრეტებია, რატომ მიიჩნია სამართალდარღვევად გრაფიტის ქუჩაში შესრულება. საია-ს იურისტი ფიქრობს, რომ რადგან გრაფიტი არც სავალ ნაწილზე იყო და არც ადმინისტრაციულ შენობაზე, მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში აქცენტს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე გააკეთებს, რომელიც ბათუმის პარკის კოლონადებთან ახლოსაა.

„მუხლის ეს ჩანაწერიც პრობლემაა… მოსამართლემ ჩათვალა, რომ რადგან იქ ქვეითი გადაადგილდება, პროტესტს მსგავსი ფორმით ვერ გამოხატავ, მაგრამ რეალურად ქვეითებს გადასვლის პრობლემა არ შექმნიათ. გამოხატვის თავისუფლება არის უფრო დაცული სიკეთე, ვიდრე ის, რომ ერთი საათით იყო მოხატული კონკრეტული ადგილი,“ – აღნიშნავს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე თქვა ისიც, თუ რაზე ფიქრობდა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე:

„მე მიფიქრია ამ საკითხზე, რომ თითოეული ტერორისტული აქტი, გონივრულია თუ არაგონივრული, რაღაც პროტესტის გამოხატულებაა, რომელმაც საბოლოო ჯამში კინაღამ მთლიანად სამყარო შეიწირა. ჩვენ გავითვალისწინეთ ორი კონკრეტული საკითხი: მიზანი, რა მიზანიც ჰქონდა ამ პროტესტს და მეორე – გამოხატვის ფორმა. გარკვეულწილად იერსახე დამახინჯდა, მაგრამ ამას არ მოჰყოლია ისეთი კვალის დატოვება, რამაც შემდეგში რამეზე ზეგავლენა იქონია… ვიყენებთ შენიშვნას, ეს არ იქნება წამახალისებელი,“ – თქვა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი