ნიუ-იორკში დააკავეს კაცი, რომელიც წმ. პატრიკის კათედრალში ბენზინით ცდილობდა შესვლას

ნიუ-იორკში დააკავეს კაცი, რომელიც წმინდა პატრიკის კათედრალში საწვავითა და სანთებელით შესვლას ცდილობდა. როგორც CNN წერს, 37 წლის კაცი კათედრალში შესვლისას დაცვის თანამშრომლებმა შეაჩერეს, რა დროსაც დაცვის თანამშრომელს ბენზინი გადაასხა და ეკლესიის ტერიტორია დატოვა.

ნიუ-იორკის პოლიციის განცხადებით, ახალგაზრდა კაცი შემთხვევიდან მალევე დააკავეს. მათი თქმით, უცნობია, რა განზრახვა ჰქონდა მას, როცა ნიუ-იორკის საკულტო შენობაში შედიოდა ოთხი გალონი ბენზინითა და სანთებელით.

როგორც CNN წერს, დაკავებულმა პოლიციას უთხრა, რომ ბენზინი თან იმიტომ ჰქონდა, რომ მანქანაში საწვავი გაუთავდა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მისი მანქანა შეამოწმა, აღმოჩნდა, რომ მასში საწვავი საკმარისი ოდენობით იყო.

ამერიკული მედიის ცნობით, სამართალდამცავი ორგანოები შემთხვევის მოტივზე ამ დრომდე არ საუბრობენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, გამოძიება კი გრძელდება.

წმინდა პატრიკის კათედრალი 1879 წელს გაიხსნა და ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.

ნიუ-იორკში აღნიშნულ ინციდენტს წინ უძღოდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.