ახალი ამბებისამართალი

რას ითვალისწინებს და რას არა “ოცნება” ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან

18 აპრილი, 2019 • 1661
რას ითვალისწინებს და რას არა “ოცნება” ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან

საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტის კორექტირებულ ვერსიაში ასახულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ის ნაწილი, რომელთა გათვალისწინებასაც უმრავლესობა აპირებს.

კანდიდატის კრიტერიუმები

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიიდან ამოღებულია ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის შეიძლება წარდგენილ იქნას საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი/უმაღლესი განათლების დიპლომი ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი პროფესიული მუშაობის გამოცდილება (მოქმედი მოსამართლე არანაკლებ 5-წლიანი
გამოცდილებით; ყოფილი მოსამართლე, რომლის  უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი; სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება და ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა).

ახალი ჩანაწერით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ან უზენაესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგენს პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით მოსამართლისთვის დადგენილ საერთო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ დამატებით პირობას: არის მოქმედი მოსამართლე; არის ყოფილი მოსამართლე, რომლის სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ გასულა 10 წელი; არის პირი, რომლის პროფესიული კვალიფიკაცია შეესაბამება უზენაესი სასამართლოს
მოსამართლის მაღალ სტატუსს. ამასთან, საბჭო უფლებამოსილია კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო საკვალიფიკაციო გამოცდის მოთხოვნის გადახედვა, ასევე, მოსამართლეების მინიმალური ასაკის აწევა. ასაკობრივი ცენზის შესახებ ჩანაწერის კანონპროექტიდან ამოღების მიუხედავად, იგი კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ახალი ჩანაწერი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უტოვებს დისკრეციას, თავად განსაზღვროს, მოითხოვს თუ არა საკვალიფიკაციო გამოცდას და ითხოვს, კანონში ნათლად ჩაიწეროს, რომ კანდიდატები საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისგან თავისუფლდებიან. მომხსენებელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისია იმპერატიულად არ ითხოვს გამოცდის კომპონენტის გაუქმებას, თუმცა  მზადყოფნას გამოთქვა, საკითხზე შეჯერების შემდეგ აღნიშნულ მუხლში რედაქციული ცვლილებები შევიდეს.

კანდიდატის შერჩევის წესი

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს, კანონპროექტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებების მიღების შემდეგ, საბჭო განმცხადებლების შემდგომ ეტაპზე გადაყვანის თაობაზე ფარულ კენჭისყრას ატარებს.

ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, კანდიდატების კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია საჯარო იყოს. კანონპროექტის კორექტირებული ვერსიიდან ამოღებულია ჩანაწერი, რომ ინფორმაციის მოძიების შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ მონაცემები კონფიდენციალურია. საბჭო კანდიდატის შესახებ მიღებულ მონაცემებს პარლამენტს უგზავნის, თუმცა ინფორმაციის მოძიების შედეგად მიღებული მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, კონფიდენციალურია და რაიმე ფორმით მათი გამჟღავნება დაუშვებელია.

განახლებული პროექტი არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილებები, თუ როგორ აარჩიეს (ან გამორიცხეს) კანდიდატები,  დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გასაჩივრება შეიძლებოდეს.

ინტერესთა კონფლიქტი

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრმა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის არცერთ პროცედურაში არ მიიღოს  მონაწილეობა. კანონპროექტის კორექტირებულ ვერსიაში ვკითხულობთ, რომ “თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იგი არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე, აგრეთვე არ არის უფლებამოსილი კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას”.

ამავე თემაზე:

რა კრიტიკული რეკომენდაციები აქვს ვენეციის კომისიას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი