რატომ არ სჯერათ აფხაზეთში “სიკვდილით დასჯის”

ნარკოტიკის გავრცელებისთვის საკანონმდებლო ცვლილებას სიკვდილით დასჯის შესახებ, რამაც აფხაზეთს გარეთ ადამიანები გააკვირვა და ზოგ შემთხვევაში, აღაშფოთა კიდეც, ადგილობრივ მოსახლეობაში მცირე პროტესტიც არ გამოუწვევია. არც ოპოზიციის წარმომადგენლებსა და არც უფლებადამცველებს [მათ შორის, ომბუდსმენს] საჯაროდ და ხმამაღლა არ უსაუბრიათ ამ საკითხის შესახებ. აფხაზეთში დარწმუნებული არიან, რომ სიკვდილით დასჯის ნორმა ვერ ამოქმედდება.

2019 წლის 4 აპრილს აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებმა მორიგ სესიაზე მიიღეს კანონი, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისთვის სასჯელს ამკაცრებს.

ნარკოტიკის გავრცელებისთვის სასჯელის უმაღლეს ზომაზე – სიკვდილით დასჯაზე ან სამუდამო პატიმრობაზე ინიციატივა სამუშაო ჯგუფმა დეპუტატ დიმიტრი დბარის ხელმძღვანელობით წარადგინა და მას დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კანონი ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს.

თუმცა 2007 წლიდან აფხაზეთში ძალაში შევიდა მორატორიუმი მსგავს სასჯელზე.

დბარი აცხადებს, რომ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის მიუხედავად, აფხაზეთის ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკის გავრცელებისთვის გამონაკლისი უნდა არსებობდეს.

“მხოლოდ მორატორიუმის გაუქმების შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ იმის შესახებ, რომ ვინმეს სიკვდილით დასჯიან. მანამდე კი ამ მუხლით ბრალდებულები შეწყალების გარეშე სამუდამოდ იქნებიან დაპატიმრებული”, – ამბობს დიმიტრი შამბა, პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში.

დეპუტატმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ანქვაბმაც მხარი დაუჭირა კანონს, თუმცა მაინც გამოთქვა ეჭვი მის აღსრულებაზე.

მისი თქმით, აფხაზეთში რომელიმე კანონის გამკაცრებას არ გამოუწვევია დანაშაულის შემცირება. მაგრამ, მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ინფორმაციის გავრცელება იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში სერიოზული ზომების გატარებაა საჭირო ნარკოტიკის გავრცელებისთვის, რადგანაც ძირითადი გამავრცელებლები დღეს რუსეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალები არიან.

“მათ ეუბნებიან, რომ აფხაზეთში მილიცია არ მუშაობს, მსუბუქი კანონები აქვთ და ადვილად გამოძვრები. ასე ატყუებენ ახალგაზრდებს. ჩამოდიან მერე აქ და ავრცელებენ ნარკოტიკს”, – ამბობს ანქვაბი.

მილიციის თანამშრომელი, რომელსაც ანონიმურად ვესაუბრეთ, დარწმუნებულია, რომ კანონის გამკაცრება კორუფციის წყარო გახდება.

“აქ კარგად არის ცნობილი ისტორიები, როდესაც მსხვილ ბიზნესმენებს, იგივე აფხაზავას, მეტადონის დიდი პარტიები ჩამოჰქონდათ აფხაზეთში, დაკავების შემდეგ კი მილიონს გადაიხდიდნენ და  გაათავისუფლებდნენ. ეს ადამიანები არ იხდიან სასჯელს. მხოლოდ მათ ეკისრებათ სასჯელი, ვინც მოსაქრთამი ფული ვერ იშოვა”.

აფხაზეთში მოსახლეობის განწყობაც იმას მოწმობს, რომ სიკვდილით არავის დასჯიან და სიტყვათაშეთანხმება “სიკვდილით დასჯა” აქ არ აშინებთ.

“ჩემს შვილს რომ ემუქრებოდეს მსგავსი სასჯელი, ყველაფერს გავაკეთებ და მის გამოსახსნელად ფულს ვიშოვი, აქ ხომ ყველაფერს ფული წყვეტს”, – ამბობს 53 წლის ლეილა, რომელიც სოხუმის ცენტრალურ ბაზარში ბოსტნეულით ვაჭრობს.

“სიკვდილით არ დასჯიან, მორატორიუმი გვაქვს. ქვის ხანაში კი არ ვართ, მაგრამ თუ დააკავებენ, დრანდის ციხეშიც კარგად იცხოვრებს ეს ხალხი. ახლობლები მიაკითხავენ, საჭმელ-სასმელს მოუტანენ. უკეთესია, ვიდრე ჩემნაირად ორ კაპიკზე მუშაობა”, – ამბობს ბესლან არგუნი, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი სოხუმში.

ადვოკატი ინგა გაბილაიაც დარწმუნებულია, რომ კანონის მიღება პოპულიზმია და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ქულების დაწერას ემსახურება. მისი თქმით, აბსურდია სიკვდილით დასჯის შემოტანა იქ, სადაც ის იკრძალება :

“დიმა დბარი, დეპუტატი, რომელიც პარლამენტში ამ ცვლილებებს ლობირებდა, იქამდე მრავალი წელი სამართალდამცავ სისტემაში მუშაობდა და კარგად იცის, როგორ მუშაობს სადამსჯელო ზომები ჩვენთან.

თუ ჩვენი მართლმსაჯულების დონეს გავითვალისწინებთ, ეს კორუფციის ახალ დონეებზე გაგვიყვანს. ის, რაც აქამდე მანეთად გვარდებოდა, დღეს 5 მანეთად მოგვარდება. უკეთესი იქნებოდა, ამ მუხლით ბრალდებულები ციმბირში გაეშვათ, ეს უფრო შეაშინებდა ადამიანებს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიანა კოტოვა არის ჟურნალისტი სოხუმში. მუშაობს "ABAZA TV" თვის და რადიო "თავისუფლებისთვის". ნეტგაზეთისთვის მარიანა კოტოვა ამზადებს მასალებს 2016 წლის თებერვლიდან პროექტის "სამხრეთ კავკასიის ამბები" ფარგლებში.