ვიმედოვნებ, აჭარის ტვ-ის დამოუკიდებლობა შენარჩუნდება – ეუთოს წარმომადგენელი კაპანაძის იმპიჩმენტზე

ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირმა ტვიტერზე, თავის ოფიციალურ ანგარიშზე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხზე განცხადება გამოაქვეყნა.

“ვაკვირდები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის წინააღმდეგ ბრალდებებთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ მაუწყებელი გააგრძლებს შეასრულოს თავისი მნიშვნელოვანი მანდატი, ემსახუროს საზოგადოებას და მისი დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული”, – წერს ჰარლემ დიზირი.


აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის წინადადებით მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა განცხადება 11 აპრილს შეიტანა ბორდში. ამ საკითხზე სხდომა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში 19 აპრილს არის დაგეგმილი. 12 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მრჩეველთა საბჭოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვისაკენ მოუწოდეს.

„აჭარის ტელევიზია“ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში, ტელევიზიის არსებობის განმავლობაში პირველად, არაერთ კვლევაში მოხვდა, როგორც დაბალანსებული მედიაორგანიზაცია.

წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში აჭარის ტელევიზია მოხვდა, როგორც ერთადერთი ქართული ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება შესთავაზა

„აჭარის ტელევიზია“ მოხვდა „Human Rights Watch“-ის მიერ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, რომელშიც დადებითად არის ასახული აჭარის ტელევიზიის“ ეთერში რადიო „თავისუფლების“ იმ გადაცემების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა დახურა.

აჭარის ტელევზიის სამეთავლყურეო საბჭოს წევრები არიან ნატა იმედაიშვილი [თავმჯდომარე], ირაკლი დარცმელიძე, გიგა ჩხარტიშვილი, გიორგი ირემაძე და ბეჟან გობაძე. მათგან იმპიჩმენტს ორი წევრი ითხოვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.