ახალი ამბები

უმრავლესობის პოზიციას სპიკერი აფიქსირებს და არა კარლო კოპალიანი – თალაკვაძე

18 აპრილი, 2019 • 1268
უმრავლესობის პოზიციას სპიკერი აფიქსირებს და არა კარლო კოპალიანი – თალაკვაძე

როგორც დავდეთ პირობა, ვენეციის კომისიის სამართლებრივ რეკომენდაციებს ჩვენ გავითვალისწინებთ და ავსახავთ კანონპროექტში, ხოლო ის რეკომენდაციები, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდება, განიხილება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მმართველ გუნდში მეორე სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მმართველი გუნდის ოფიციალურ პოზიციას აფიქსირებდა ოფიციალური სპიკერი და არა კარლო კოპალიანი.

  • უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე, მმართველი გუნდის პარლამენტარმა, კარლო კოპალიანმა განაცხადა, რომ არ არიან ვალდებულები, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შეასრულონ და ისინი გადაწყვეტილებას საკუთარი პოლიტიკის გათვალისწინებით მიიღებენ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე იყო საუბარი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე, რომელსაც მმართველი გუნდი გაითვალისწინებს და მკაფიოდ დაარეგულირებს ამ საკითხს. მისი თქმით, კიდევ უფრო დეტალურად გაწერენ კანონპროექტში და ამ რეკომენდაციას სრულად შეასრულებენ.

“მეორე საკითხი ეხებოდა გამოცდის თემას. თქვენ იცით, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია პირდაპირ არ მიგვითითებდა, რომ გამოცდა გაგვეუქმებინა. გვეუბნებოდა, რომ დავუბრუნდეთ ამ საკითხს და კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ. ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია გამოცდის ამოღებაც კრიტერიუმებიდან,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, განახლდება განხილვა პლენარულ სხდომაზე და ორ დღეს მთლიანად გამოიყენებენ იმისთვის, რომ მეორე მოსმენით მიიღონ კანონპროექტი.

რაც შეეხება რეკომენდაციას კენჭისყრის ღიაობასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციას, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კენჭისყრის ფარულობას ეხება, მმართველი გუნდი არ გაითვალისწინებს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ამ საკითხზე ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს, თუმცა, როგორც უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დღეს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თავის დროზე ღია კენჭისყრიდან ფარულზე სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადავიდა ქვეყანა და მმართველი გუნდი ამ პოზიციაზე დარჩება.

მისი განცხადებით, როგორც ვენეციის კომისია ურჩევს, პარლამენტი გაივლის კონსულტაციას სასამართლო ხელისუფლებასთან უვადოდ დასამტკიცებელი მოსამართლეების რაოდენობასთან დაკავშირებით. როგორც თალაკვაძე ამბობს, ეს არის პოლიტიკური ნაწილი რეკომენდაციისა, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში განხილავენ და მიიღებენ შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, მმართველი პარტიის ოფისში პრაქტიკულად ყველა დეპუტატი ესწრებოდა დღევანდელ სხდომას, რამდენიმეს გარდა, რომლებიც მივლინებაში არიან. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა პარტიის პოლიტიკური მდივანი, ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა მიზეზი არჩილ თალაკვაძეს არ დაუკონკრეტებია.

  • ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით, პარლამენტმა მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი უნდა დანიშნოს უვადოდ; შერჩევის კრიტერიუმებად უნდა განისაზღვროს მოსამართლეების გამოცდილება და დამოუკიდებლობა; არამოსამართლე წევრებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის საჭიროება უნდა გადაიხედოს.
  • ვენეციის კომისიამ 16 აპრილს გამოაქვეყნა რეკომენდაციები პარლამენტის მიერ მოსამართლეების უვადოდ განწესებასთან დაკავშირებით. რეკომენდაციებში ასახულია ის შეთავაზებები, რომელთა საჭიროებაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ პარლამენტს.

ვრცლად:

რა კრიტიკული რეკომენდაციები აქვს ვენეციის კომისიას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი