ახალი ამბები

უმრავლესობის დეპუტატი: ვენეციის კომისიას არ აქვს უფლება, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერიოს

18 აპრილი, 2019 • 1173
უმრავლესობის დეპუტატი: ვენეციის კომისიას არ აქვს უფლება, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერიოს

ქართული ოცნების მთავარ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი უძღვება. მათი მთავარი განსახილველი საკითხი ვენეციის კომისიის დასკვნა და ის შენიშვნებია, რაც კომისიას მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით აქვს.

მმართველ პარტიაში ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. უმრავლესობის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომისიის შენიშვნები გასათვალისწინებელია, თუმცა არიან მოწინააღდეგეებიც.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არ არის ვალდებული, ვინმეს მითითებები შეასრულოს და გადაწყვეტილებას საკუთარი პოლიტიკის გათვალისწინებით მიიღებს.

“არც ვენეციის კომისიას, არც არავის არ აქვს უფლება, ჩვენს პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიოს, ეს ერთი. მერე მეორე, არ ვაპირებთ, ვისაც წარმოგვიდგენენ, აბსოლუტურად სულ ყველა გავიდეს ეს მოსამართლეები. თავისთავად, ასე იქნება ეს, თუმცა ის, რომ ჩვენ ეს ვიღაცამ გვითხრას, ნამდვილად მიუღებელია ჩვენთვის”, – განუცხადა ჟურნალისტებს კარლო კოპალიანმა უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე.

  • ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით, პარლამენტმა მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი უნდა დანიშნოს უვადოდ; შერჩევის კრიტერიუმებად უნდა განისაზღვროს მოსამართლეების გამოცდილება და დამოუკიდებლობა. უნდა გადაიხედოს არამოსამართლე წევრებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის საჭიროება.
  • ვენეციის კომისიამ 16 აპრილს გამოაქვეყნა რეკომენდაციები პარლამენტის მიერ მოსამართლეების უვადოდ განწესებასთან დაკავშირებით. რეკომენდაციებში ასახულია ის შეთავაზებები, რომელთა საჭიროებაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ პარლამენტს.

ამავე თემაზე:

უმრავლესობის პოზიციას სპიკერი აფიქსირებს და არა კარლო კოპალიანი – თალაკვაძე

ვენეციის კომისიის რეკომენდაციები:

რა კრიტიკული რეკომენდაციები აქვს ვენეციის კომისიას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი