ახალი ამბებისაზოგადოება

ბანგლადეშში ქალი, რომელმაც სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა, ცოცხლად დაწვეს

18 აპრილი, 2019 • 2257
ბანგლადეშში ქალი, რომელმაც სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა, ცოცხლად დაწვეს

ბანგლადეშის ერთ-ერთ სკოლაში 19 წლის ნუსრათ ჯაჰან რაფის ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

BBC-ის ინფორმაციით, ამ ფაქტამდე ორი კვირით ადრე ნუსრათ რაფიმ მისი სკოლის დირექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

ნუსრათ ჯაჰან რაფი ბანგლადეშის დედაქალაქიდან 160 კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქ ფენიდან იყო. ის მედრესეში სწავლობდა. 27 მარტს ნუსრათმა განაცხადა, რომ სკოლის დირექტორმა დაურეკა, სთხოვა მის კაბინეტში შესულიყო, რის შემდეგაც არაერთხელ, შეუფერებლად შეეხო. მან გაქცევა გადაწყვიტა.

როგორც BBC წერს,  ბევრი გოგონა და ახალგაზრდა ქალი ბანგლადეშში არჩევს, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ფაქტები საიდუმლოდ შეინახონ, რადგან საკუთარი ოჯახებისა და საზოგადოების რცხვენიათ. ნუსრათ ჯაჰან რაფი განსხვავებულად მოიქცა – პოლიციაში წავიდა, რაშიც საკუთარი ოჯახი დაეხმარა. იმის ნაცვლად, რომ სამართალდამცველებს იგი უსაფრთხო გარემოთი უზრუნველეყოთ, პოლიციის ოფიცერმა ის ტელეფონზე ჩაწერა. ვიდეოში გოგონა ცდილობს, სახე ხელებით დაიფაროს, პოლიციელი კი ამბობს, რომ ეს “დიდი ამბავი არაა” . მოგვიანებით ვიდეო სოციალურ მედიაში გავრცელდა.

მედრესეს დირექტორი შემთხვევისთანავე დააკავეს, თუმცა მისი გათავისუფლების მოთხოვნით გამოსვლები დაიწყო. აქციებს, რომლებიც მამრობითი სქესის ორი სტუდენტის მიერ იყო ორგანიზებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ოჯახის წევრები ნუსრათ რაფის უსაფრთხოების გამო ღელავდნენ. მიუხედავად ამისა, 6 აპრილს, სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციის გახმაურებიდან 11 დღის შემდეგ, ნუსრათი საბოლოო გამოცდის ჩასაბარებლად სკოლაში მივიდა. სკოლაში ძმამ მიიყვანა, რომელიც შენობაში არ შეუშვეს.

ნუსრათ ჯაჰან რაფის მონათხრობის თანახმად, ჯგუფელმა გოგონამ სკოლის სახურავზე აიყვანა, უთხრა რა, რომ მათი ერთ-ერთი მეგობარი ნაცემია. როცა სახურავზე ავიდა, 4 ან 5 ადამიანი შემოეხვია და დირექტორის მიმართ საქმის შეწყვეტა სთხოვა. უარის თქმის შემდეგ გოგონას ცეცხლი წაუკიდეს.

საქმის გამომძიებელმა აღნიშნავს, რომ თავდამსხმელებს სურდათ, შემთხვევა თვითმკვლელობად შეენიღბათ, მაგრამ გეგმა ჩავარდა, რადგან ნუსრათი მაშინვე არ დაღუპულა და სიკვდილამდე ჩვენების მიცემა მოახერხა. მან რამდენიმე თავდამსხმელზე თქვა, რომ ისინიც სტუდენტები იყვნენ.

სტუდენტს სხეულის 80% დამწვარი ჰქონდა. სიკვდილამდე ძმის მობილურ ტელეფონში აუდიოჩანაწერი გააკეთა, რომელშიც ამბობს:

“მასწავლებელი შემეხო. მე ვიბრძოლებ ამ ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ბოლო ამოსუნთქვამდე”.

BBC წერს, რომ ახალგაზრდა ქალის გამბედაობამ- საჯაროდ ესაუბრა სექსუალური შევიწროების შესახებ- შემდეგ კი მისმა სიკვდილმა, ყურადღება მიაპყრო სამხრეთ აზიის ამ კონსერვატიულ ქვეყანაში სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა მოწყვლადობის პრობლემას. ნუსრათ რაფის დაკრძალვაზე მის მშობლიურ ქალაქში უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

19 წლის სტუდენტის მკვლელობამ ბანგლადეშში საპროტესტო აქციები გამოიწვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი