ახალი ამბები

თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

18 აპრილი, 2019 • 1012
თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო

თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ასრულებს.

მერიის თანახმად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან უკვე შეთანხმდა ის ადგილები, სადაც ლითონის ხიდები მოიხსნება და შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, რომელიც დემონტაჟის პროცესს შარტავას ქუჩაზე აკვირდებოდა, რკინის კონსტრუქციები იქ მოიხსნება, სადაც ინფრასტრუქტურა ქვეითთა გადაადგილებისთვის უკვე მომზადებულია.

“დემონტაჟი იმგვარად ხდება, რომ შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, თუკი რომელიმე ადგილზე ზებრა-გადასასვლელის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ხიდს ისევ გამოვიყენებთ”, – აცხადებს კალაძე. კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს.

საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი. ფოტო: თბილისის მერია

მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ქალაქში საფეხმავლო ხიდებს შემდეგ 20 ადგილას მოხსნიან:

  • შარტავას ქუჩა N7-ში;
  • ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე;
  • ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების გადაკვეთაზე;
  • აკაკი წერეთლის გამზირზე – დიდუბის პანთეონის მიმდებარედ;
  • გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგის ქუჩის გადაკვეთაზე;
  • გურამიშვილის გამზირისა და ლიახვის ქუჩის გადაკვეთაზე;
  • გურამიშვილის გამზირისა და ქსნის ქუჩის გადაკვეთაზე;
  • გურამიშვილის გამზირისა და გუდამაყრის ქუჩის გადაკვეთაზე;
  • გურამიშვილის გამზირისა და ანაპის 212-ე დივიზიის ქუჩის გადაკვეთაზე;
  • შანდორ პეტეფის ქუჩაზე – №151 საჯარო სკოლის მიმდებარედ;
  • გორგასლის ქ. №111 კორპუსის მიმდებარედ;
  • გორგასლის ქ. №111ა კორპუსის მიმდებარედ;
  • რუსთავის გზატკეცილი №6-ს მიმდებარედ (ქვემო ფონჭალა);
  • ყაზბეგის გამზირზე – №52 საჯარო სკოლის მიმდებარედ;
  • ვაჟა-ფშაველას გამზირზე – სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ;
  • ცოტნე დადიანის ქუჩაზე – №4 საჯარო სკოლის მიმდებარედ;
  • რობაქიძის გამზირზე – ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ;
  • რობაქიძის გამზირზე – მაღაზია „წითელქუდას“ მიმდებარედ;
  • გურამიშვილის გამზირი №15-ს მიმდებარედ (საყოფაცხოვრებო კომბინატი);
  • მარშალ გელოვანის გამზირზე – „აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
უწყების თანახმად, საფეხმავლო ხიდების დემონტაჟის პროცესი, რომელიც კომპანია “მეტეხი2008”-ის მიერ ხორციელდება და 307 805 ლარი ჯდება, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. 

 

თბილისის მერმა საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი მიმდინარე წლის იანვარში დააანონსა. კახა კალაძე აცხადებდა, რომ ხიდებზე ასვლა-ჩამოსვლა მოუხერხებელია, არ არის ადაპტირებული შშმ პირებისათვის, ზოგიერთი კი საერთოდაც უფუნქციოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი