ავლაბრის სასახლეში კვიპროსის პრეზიდენტისთვის გამართულ ვახშამს მარგველაშვილიც ესწრება

ვახშამს, რომელიც კვიპროსის პრეზიდენტის პატივსაცემად ავლაბრის სასახლეში გაიმართა, გიორგი მარგველაშვილიც ესწრება. ვახშამი სალომე ზურაბიშვილისა და ნიკოს ანასტასიადისის შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი.

“საქართველოში ეს ტრადიცია აქამდე არ გვქონია და ვიმედოვნებ, რომ დღეიდან ჩვენ მას საფუძველს ჩავუყრით,” – თქვა ზურაბიშვილმა.

ადმინისტრაცია ასევე იუწყება, რომ საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა ქართველი და კვიპროსელი ხალხების მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს.

სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის რესპუბლიკის  პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისის ავლაბრის სასახლეში დღეს, 17 აპრილს უმასპინძლა. სწორედ ამ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.

უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების განაცხადი კვიპროსში თავშესაფრის მიღების თაობაზე დაჩქარებული წესით იქნება განხილული და ძალიან დაბალია ალბათობა იმისა, რომ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეები თავშესაფარს მიიღებენ.

კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა – სალომე ზურაბიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან