ახალი ამბები

უზენაესის მოსამართლეების ერთბაშად არდანიშვნის რეკომენდაციას ვეთანხმები – ჩუგოშვილი

17 აპრილი, 2019 • 971
უზენაესის მოსამართლეების ერთბაშად არდანიშვნის რეკომენდაციას ვეთანხმები – ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ეთანხმება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ერთი მოწვევის პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18-დან 20-მდე კანდიდატი ერთბაშად არ უნდა დანიშნოს.

ჩუგოშვილის თქმით, პოლიტიკურად სწორი იქნება, თუ ამ პროცესში მომავალი მოწვევის პარლამენტიც ჩაერთვება.

ჩუგოშვილი საუბრობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე, რომლის მიხედვით, პარლამენტმა მოსამართლეები უვადოდ უნდა დანიშნოს არა ყველა ვაკანტურ ადგილზე, არამედ მოსამართლეთა მხოლოდ ის რაოდენობა, რაც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი.

თამარ ჩუგოშვილი ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას ამბობს, რომ ვენეციის კომისიის ეს დასკვნა გასცდა სამართლებრივ შეფასებებს და მასში პოლიტიკური ელემენტებიც იკითხება. მისი თქმით, ეს იმის გამოძახილია, რომ ქვეყანაში სასამართლოზე მსჯელობამ და მათ შორის  იუსტიციის საბჭოს კრიტიკამ საკმაოდ მწვავე ფორმები მიიღო.

“როდესაც სამართლებრივ ექსპერტიზას ელოდები და ამ დროს იღებ პოლიტიკურ შეფასებას, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც მოვლენებს ადგილი ჰქონდა და ეს მოვლენები არის სერიოზული. ზოგადად, ძალიან მარტივია ამაზე ჩემი პასუხი –  ის, რომ იუსტიციის საბჭოს აქვს ქვეყანაში რეპუტაციული პრობლემა, ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება, მიუხედავად იმისა, მე უმრავლესობას წარმოვადგენ თუ არა, ეს ჩემი პირადი აზრია და ამაზე შეკამათება რთულია.

რაც შეეხება კონკრეტულად დასკვნას, დასკვნაში არის ელემენტები, რომლებიც არის ასახვადი კანონში. ჩემი მოლოდინი არის, რომ ყველა მსგავსი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იქნება ხვალ, ზეგ ან ამ დღეებში გათვალისწინებული კანონპროექტში და, შესაბამისად, საბოლოო ვერსია იმ კანონისა, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნას ეხება, იქნება სრულად შესაბამისი ამ დასკვნასთან,” – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

მისივე თქმით, დასკვნაში იკითხება ის მოწოდებაც, რომ პარლამენტმა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიიღოს, რასაც თავად ეთანხმება.

“და არის მეორე ელემენტი, ერთგვარი მოწოდება, ხაზგასმა იმაზე, რომ სასურველია, ერთი მოწვევის პარლამენტმა ამხელა გადაწყვეტილება, რაც არის 18 თუ 20 უზენაესის მოსამართლის ერთბაშად დანიშვნა – ერთპიროვნულად არ მიიღოს. მე პირადად ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მგონია, რომ სწორი იქნება და კარგი იქნება, თუ ამ მოწვევის პარლამენტი…

მე პირადად, იმხელა პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ 18 მოსამართლე გვყავს დასანიშნი, მირჩევნია, რომ ერთი ან ორი იყოს [დასანიშნი] და მეტი არა, ვინაიდან, რაც უფრო მეტ ადამიანზეა პასუხისმგებლობა ასაღები, პასუხისმგებლობის წნეხი და შეგრძნება პროპორციულად იზრდება,” – განმარტავს ჩუგოშვილი.

თამარ ჩუგოშვილი ასევე აცხადებს, რომ გარდა პასუხისმგებლობის შეგრძნებისა, ვენეციის კომისიის დასკვნას შინაარსობრივი მხარის გამოც ეთანხმება. ის განმარტავს, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერის გამო დღეს უზენაესის მოსამართლეების რაოდენობა მინიმუმამდეა დასული, შესაბამისად, მოსამართლეები დიდი რაოდენობითაა დასანიშნი:

“მე მივემხრობოდი იმ პოზიციას, რომ რაც არის სასამართლოს ნორმალური, ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის საჭირო – რომ საქმეთა ნაკადი არ იბლოკებოდეს და ხელოვნურად არ ჭიანურდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება და მოქალაქეები წლების განმავლობაში არ ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას – ამისთვის საჭირო და აუცილებელი რაც არის, ის გადაწყვეტილებები დროულად უნდა მიიღოს პარლამენტმა და მათ შორის ვაკანსიებიც დატოვოს იმისთვის, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტიც ჩაერთოს ამ პროცესში.

მე პოლიტიკურად ეს მგონია სწორი. მე, მაგალითად, ამ მიდგომას გავიზიარებდი, როგორც ერთი პარლამენტის წევრი..  ჩვენ წინ გვაქვს ეს პროცესი, ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, უკვე კონკრეტული კანდიდატების შერჩევა და წარმოდგენა პარლამენტში, ეს წინ არის და, შესაბამისად, მე მაქვს იმის იმედი, რომ სრულად 18-ივე ვაკანსიის დაკომპლექტება ამ მოწვევის პარლამენტის მიერ არ მოხდება, მაგრამ ეს ჩემი აზრია,” – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

ვრცლად ამ თემაზე:

რა კრიტიკული რეკომენდაციები აქვს ვენეციის კომისიას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი