ახალი ამბები

პროკურატურამ კერზაიას საქმეზე ბაჩანა შენგელიას საგამოძიებო უწყებაში მისვლა შესთავაზა

17 აპრილი, 2019 • 1698
პროკურატურამ კერზაიას საქმეზე ბაჩანა შენგელიას საგამოძიებო უწყებაში მისვლა შესთავაზა

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების მასალის გასაცნობად საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბაჩანა შენგელიას პროკურატურაში მისვლა შესთავაზა. განცხადებას თავად საგამოძიებო უწყება ავრცელებს.

პროკურატურა განცხადებაში ია კერზაიას საქმეზე საუბრობს, რომელიც ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი იყო. კერზაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

პროკურატურა წერს, რომ საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით,  პროკურატურა ბაჩანა შენგელიას სთავაზობს, მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში, სადაც მას შეხვდებიან საგამოძიებო ნაწილის  ხელმძღვანელები, სრულად გააცნობენ საქმის მასალებს და მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

უწყების განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ კერზაიას საქმის გამოძიების ამ ეტაპზე გამოკითხულ მოწმეებს შორის არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტები, ასევე, სკოლის პედაგოგები და სხვა პერსონალი.

“გამოკითხულია ბაჩანა შენგელიას მიერ დასახელებული მისი ახლო ნათესავები, რომლებიც, მისივე განმარტებით, ფლობდნენ საქმეზე გარკვეულ ინფორმაციას. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა.

გამოძიების ფარგლებში განხორციელებულია სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელისრულყოფილი დოკუმენტაცია,” – წერია პროკურატურის განცხადებაში.


ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი ია კერზაია მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მის სკოლაში ჩატარებული ისპექციის შემდეგ ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამინისტროს თანახმად, ინსპექცია სკოლაში მათთან შესული წერილის საფუძველზე ჩატარდა.

კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თქმით, ჩატარებულ ინსპექცია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, რასაც პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. როგორც ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შეუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”. ია კერზაია სკოლაში ჩატარებული შემოწმებიდან მალევე ანევრიზმის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის ოპერაციის შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” [ISFED] ია კერზაიას საქმეზე 2019 წლის 26 მარტს ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების დაწყება და დასკვნა ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

ევროპარლამენტარები საქართველოს პრემიერს სწერენ: “გულწრფელად გვჯერა, რომ … საქართველოს საუკეთესო ინტერესებისა და მისი დემოკრატიული მომავლისთვის ქ-ნი კერზაიას საქმე სრულად და დროულად იქნება გამოძიებული ქვეყნის პროკურატურისა და სასამართლო ორგანოების მიერ და დამნაშავეები წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს სკოლების ინსპექტირების სტანდარტები და მეთოდოლოგია და თავი შეიკავოს წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი მექანიზმის გამოყენებისგან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი