ახალი ამბები

ოპოზიციის კანდიდატი ოფიციალურად გახდა სტამბოლის მერი

17 აპრილი, 2019 • 1217
ოპოზიციის კანდიდატი ოფიციალურად გახდა სტამბოლის მერი

თურქეთის ოპოზიციის კანდიდატმა, ექრემ იმამოღლუმ, რომელმაც სტამბოლის ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა, მერის მანდატი მიიღო. პრეზიდენტ ერდოღანის მმართველი პარტიის წინააღმდეგობისა და ხმების არაერთგზის გადათვლის შემდეგ, იმამოღლუ ოფიციალურად გახდა სტამბოლის მერი. პარალელურად, საარჩევნო საბჭო კვლაც განიხილავს მმართველი პარტიის მოთხოვნას შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით.

“სახალხო რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატი ჩაღლაიანის სასამართლო სახლში, სადაც სტამბოლის საარჩევნო საბჭოა განთავსებული, დღეს, 17 აპრილს იმყოფებოდა. იმამოღლუს შენობასთან შეკრებილი მხარდამჭერები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

სტამბოლში – პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით თურქეთის უმნიშვნელოვანეს ქალაქში – ოპოზიციური პარტიის გამარჯვებას რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი  “სამართლიანობისა და განვითარების პარტია” განსაკუთრებულად ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ არჩევნებისას რიგ დარღვევებსა და “ორგანიზებულ კრიმინალს” ჰქონდა ადგილი.

მისი მოთხოვნით, ქალაქის ხმები რამდენჯერმე გადათვალეს, რის შემდეგაც მმართველი პარტიის კანდიდატ ბინალი ილდირიმსა და რესპუბლიკელ ექრემ იმამოღლუს შორის სხვაობა შემცირდა, თუმცა შედეგი არსებითად არ შეცვლილა. აღნიშნულის შემდეგ ერდოღანის პარტიამ ხმების მთელი ქალაქის მასშტაბით გადათვლა მოითხოვა, რასაც საარჩევნო საბჭომ უარით უპასუხა. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ საბჭოს შედეგების გაუქმებისა და არჩევნების თავიდან ჩატარების მოთხოვნით მიმართა. უწყებას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. ხმათა რაოდენობით პრეზიდენტ ერდოღანის პარტია პირველია, თუმცა დედაქალაქ ანკარასა და სხვა დიდი ქალაქების ნაწილზე მან კონტროლი დაკარგა.

თურქეთის დედაქალაქ ანკარის გარდა, “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატებმა მოიგეს სტამბოლში, იზმირში, ანტალიაში, მერსინსა და სხვა დიდი ქალაქების ნაწილში.

მასალების გადაბეჭდვის წესი