ახალი ამბები

“სლავური მასაჟის” საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო

17 აპრილი, 2019 • 3289
“სლავური მასაჟის” საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სალონ “სლავური მასაჟის” საქმეზე, რომლის რეკლამამ “ჩათლახ ბარათის” სახელწოდებით უფლებადამცველების პროტესტი გამოიწვია,  ტრეფიკინგის მუხლით გამოძიება დაიწყო.

“ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრლური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ე.წ. “მასაჟის ცენტრის” მფლობელები და თანამშრომლები. გამოძიება მიმდინარეობს ტრეფიკინგის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია სსკ 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყებაში მეტ დეტალებს არ აკონკრეტებენ.

რამდენიმე დღის წინ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, “სლავური მასაჟის” ბილბორდი გამოჩნდა, რომელზეც “ჩათლახბარათი” ეწერა და ქალი იყო გამოსახული.

“საფარის” დამფუძნებელმა ბაია პატარაიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო პოსტით მიმართა და “სლავური მასაჟის” მხრიდან შესაძლო დანაშაულზე მიუთითა.

“ვერ ხედავთ ამ ამბავში ბორდელის რეკლამას? შეგახსენებთ, რომ ჩვენი კანონმდებლობით ისჯება პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობა და ა.შ.”, – წერდა ბაია პატარაია.

“სლავური მასაჟის” ოფიციალური გვერდი Facebook-ში ამ დროისთვის გაუქმებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი