ახალი ამბები

ვენეციის კომისიის შემდეგ, კობახიძის კანონპროექტზე ODIHR-ის შენიშვნებიც გამოქვეყნდა

17 აპრილი, 2019 • 1235
ვენეციის კომისიის შემდეგ, კობახიძის კანონპროექტზე ODIHR-ის შენიშვნებიც გამოქვეყნდა

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მოსაზრება გამოქვეყნდა.

ODIHR-ის დასკვნაში, ისევე როგორც ვენეციის კომისიის მოსაზრებებში, საუბარია მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმად საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმებისა და ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის აუცილებლობაზე.

კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თხოვნით ODIHR-ს საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, დოკუმენტის მომზადებაში ჩართულნი არიან ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტები: ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ანდრაშ შაიო, იურისტების საერთაშორისო კომისიის საპატიო წევრი და ყოფილი ვიცეპრეზიდენტი მიშელ რივე და მოსამართლეთა ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი და მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის პირველი ვიზეპრეზიდენტი ჟოზე იგრეია მატოსი.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დოკუმენტში დეტალურად არის მიმოხილული კანონპროექტის შესაბამისობა საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებთან, ნორმებთან და პრაქტიკებთან, ისევე როგორც ეუთოს ფარგლებში ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებებთან. სამართლებრივი მოსაზრება დეტალურად მიმოიხილავს კანონპროექტში არსებულ ხარვეზებს, შეუსაბამობებს და ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • უნდა გაიზარდოს კანდიდატებისაგან მოთხოვნილი პროფესიული გამოცდილების ხანგრძლივობა და გაუქმდეს გამოცდების ჩაბარების მოთხოვნა მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე პირებისათვის.
  • ფარული კენჭისყრა, რომელსაც ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არ შეესაბამება დამსახურებაზე დაფუძნებულ სისტემას. საბჭომ უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილებები და უნდა არსებობდეს მათი გასაჩივრების შესაძლებლობა. კანონპროექტმა უნდა უზრუნველყოს შერჩევის ნათელი კრიტერიუმები შერჩევის ყველა ეტაპისათვის და დაკონკრეტდეს, რომ ნომინირებული კანდიდატი უნდა იყოს ყველაზე კვალიფიციური სხვა კანდიდატებს შორის.
  • შემოღებულ იქნას დამატებითი მოთხოვნები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისათვის, უფლებების სფეროში ვრცელი ექსპერტიზის ჩათვლით. მოსამართლეთა შერჩევა უნდა განხორციელდეს დისკრიმინაციის გარეშე და შემოღებულ იქნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას უფრო დაბალანსებულად, გენდერისა და მრავალფეროვნების თვალსაზრისით;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც აქვს ინტერესთა კონფლიქტი, არცერთ ეტაპზე არ უნდა მონაწილეობდეს შერჩევის პროცესში ან უნდა გადადგეს, სანამ თავის კანდიდატურას წამოაყენებს;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოამზადოს ანგარიში, რომელიც იქნება საჯარო;
  • უნდა განისაზღვროს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები;
  • პარლამენტს ამ პროცესში უნდა ჰქონდეს ზედამხედველობის ფუნქცია, რათა შეამოწმოს მთლიანი პროცესის კანონთან შესაბამისობა. უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამჭვირვალე პროცედურები და გარანტიები იმაში დასარწმუნებლად, რომ კანდიდატების ნომინირებისა და დანიშვნის გადაწყვეტილებები ექსკლუზიურად ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მიიღება. პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, უფლებამოსილება და ფუნქციები უნდა დაზუსტდეს, მათ შორის, განისაზღვროს, ექნება თუ არა სამუშაო ჯგუფს კანდიდატებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიების საშუალება;
  • სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ინკლუზიური და მოიცავდეს ეფექტურ კონსულტაციებს, ასევე რეფორმის ზეგავლენის სრულ შეფასებას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ჩათვლით. კანონშემოქმედების ყველა ეტაპზე უნდა იყოს გათვალისწინებული საკმარისი ვადები ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, ნაჩქარევად არ მიიღოს კანონპროექტი,  გადამუშავდეს, გაიზიაროს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მოსაზრება და ვენეციის კომისიის დასკვნა და არსებული პროექტი შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.

რა კრიტიკული რეკომენდაციები აქვს ვენეციის კომისიას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი