ახალი ამბები

თანაინვესტირების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

17 აპრილი, 2019 • 3934
თანაინვესტირების ფონდს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

თანაინვესტირების ფონდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდს ცოტნე ებრალიძე უხელმძღვანელებს.

“ცოტნე ებრალიძე 2018 წლიდან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორის, 2013 წლიდან კი, ამავდროულად, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულების მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას კი თეა ჯოხაძე დაიკავებს, რომელიც ფონდში 2013 წლიდან მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობს”,-აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.

რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილს, რომელიც ფონდის დაფუძნების დღიდან იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოსტს, ფონდის მრჩეველთა საბჭოს უხელმძღვანელებს და საზედამხედველო საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი.

“მინდა ასევე აღვნიშნო, რომ, როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ვიქნები იმის გარანტი, რომ ფონდი წარმატებით გააგრძელებს მუშაობას თავის მანდატის შესაბამისად. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც მან მთელ ჩვენს გუნდს გამოუცხადა. ჩვენ გვჯერა, რომ ფონდის თითოეული პროექტი დადებით გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ყოველ მაცხოვრებელზე. დღეის მდგომარეობით ფონდი 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს და მათში, ჯამში, დასაქმებულია ათი ათასამდე ადამიანი. მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ცოტნე ებრალიძეს ახალი გამოწვევების წინაშე,“-აცხადებს ბაჩიაშვილი.

თანაინვესტირების ფონდი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წელს. გიორგი ბაჩიაშვილმა 2013 წელს განაცხადა, რომ თანაინვესტირების ფონდში ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია ფონდის მთლიანი კაპიტალის  15 პროცენტია.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF) არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომლის მიზანია, საქართველოში არსებულ მზარდ ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი