ახალი ამბები

კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა – სალომე ზურაბიშვილი

17 აპრილი, 2019 • 1368
კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა – სალომე ზურაბიშვილი

ძალიან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ამის შესახებ დღეს ითქვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების განაცხადი კვიპროსში თავშესაფრის მიღების თაობაზე დაჩქარებული წესით იქნება განხილული და ძალიან დაბალია ალბათობა იმისა, რომ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეები თავშესაფარს მიიღებენ.

სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის რესპუბლიკის  პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისის ავლაბრის სასახლეში დღეს, 17 აპრილს უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტით ახალი ეტაპი იწყება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.

“ეს ურთიერთობები უკვე განვითარებულია სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში თქვენი ჩამობრძანებით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის რეგულირებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტი ევროკავშირის მონიტორინგის მისიაა, რომელიც ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებთან მონიტორინგს აწარმოებს.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა სადამკვირვებლო მისიაში კვიპროსის კონტრიბუციის მნიშვნელობას. დღეისათვის მისიაში 3 კვიპროსელი დამკვირვებელი მუშაობს.

როგორც შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საქართველოს და კვიპროსს ტერიტორიული პრობლემები აქვთ და ორივე სახელმწიფოს უპირველესი მიზანი ქვეყნის ტერიტორიის გაერთიანებაა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას ტურიზმის, კულტურის, განათლების, არქეოლოგიისა და კვლევითი საქმიანობის სფეროში.

აღინიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმი, რომელიც 18 აპრილს თბილისში ჩატარდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღესვე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხელი მოაწერეს სამ დოკუმენტს: ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ; საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი დაცვის შესახებ; სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი