ახალი ამბები

ილია II რომის პაპს და მაკრონს თანაგრძნობას უცხადებს ნოტრ-დამის დაწვის გამო

16 აპრილი, 2019 • 1115
ილია II რომის პაპს და მაკრონს თანაგრძნობას უცხადებს ნოტრ-დამის დაწვის გამო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რომის პაპ ფრანცისკეს თანაგრძნობა გამოუცხადა 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის (ნოტრ-დამის) დაწვის გამო.

„თქვენო უწმინდესობავ, გამოვთქვამთ გულისტკივილს და თანაგრძნობას გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის გამო. მეტად დიდია ეს განსაცდელი, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყოველივე მალე აღდგება და განახლდება. შევთხოვთ ღმერთს, ყველა ადამიანშიც განახლდეს და აღდგეს რწმენა, სასოება და სიყვარული“, — სწერს ილია II რომის პაპს.

პრეზიდენტ ემანეულ მაკრონისთვის გაგზავნილ წერილში კი წერია: „მთელი მსოფლიო შეშფოთებით ადევნებდა თვალს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ მომხდარ ხანძარს, რომელმაც არა მარტო ამ ქალაქისა და საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის შუა საუკუნეების მშვენება ასე უმოწყალოდ დააზიანა. დიდია ჩვენი გულისტკივილიც და გვინდა თანაგრძნობა გამოვუცხადოთ ფრანგ ხალხს, საფრანგეთის ხელისუფლებას, კარდინალსა და სასულიერო დასს. ვწუხვართ, ძალიან ვწუხვართ“.


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ასობით მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ებრძოდა ცეცხლს, რომელიც 850 წლის წინათ აგებულ, ისტორიულად უმნიშვნელოვანეს ტაძარს მოედო და მისი ცნობილი სამრეკლოც შეიწირა.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძრის მშენებლობა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, 1163 წელს დაიწყო და საბოლოოდ 200 წლის შემდეგ, მე-14 საუკუნეში დასრულდა. ტაძარს განსაკუთრებული პოპულარობა ვიქტორ ჰიუგოს რომანმა მოუტანა. ის გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაგებობად ითვლება. ყოველწიურად ღვითსმშობლის ტაძარს 13 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

ილია II-ის სამძიმრის წერილი რომის პაპს

ილია II-ის სამძიმრის წერილი ემანუელ მაკრონს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი