ახალი ამბები

ყალბი ახალი ამბები და დეზინფორმაცია ნოტრ-დამში გაჩენილ ხანძარზე

16 აპრილი, 2019 • 1855
ყალბი ახალი ამბები და დეზინფორმაცია ნოტრ-დამში გაჩენილ ხანძარზე

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის ფონზე ინტერნეტში არაერთი და ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტი გავრცელდა და ინტერნეტ-ტროლებისა და კონსპირაციული თეორიის მიმდევრების იარაღადაც იქცა. მსგავსი ტენდენციები სოციალურ ქსელებში BuzzFeed-მა  შენიშნა.

როგორც გამოცემა წერს,  ინტერნეტში მალევე გავრცელდა ფოტო, რომელიც ირწმუნებოდა, რომ  ვიდეოს, სადაც ხანძრის ფონზე ადამიანების ემოციები იყო ასახული, არაბული სახელების მქონე პირები სიცილის რეაქციას ანიჭებდნენ. BuzzFeed წერს, რომ ეს პრაქტიკა ახალი არ არის და ლონდონში 2017 წელს მომხდარი თავდასხმის დროსაც ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მიმდევარი პირები მსგავს ინფორმაციას ავრცელებდნენ.

BuzzFeed-ის თქმით, სიცილის რეაქცია ნოტრ-დამის ხანძრის შესახებ დაწერილ პოსტებზე უმცირესობაში იყო, თუმცა ასეც რომ არ იყოს, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რატომ იყენებენ ადამიანები ამ ემოჯის. ამასთან, შეუძლებელია ფეისბუკის ემოჯებით ადამიანთა ჯგუფების შეფასება.

მაგალითისთვის BuzzFeed-ს მოჰყავს ახალ ზელანდიაში მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმა, რომლის შესახებ პოსტებზეც იყო გამოყენებული სიცილის ემოჯები არაბული სახელებით რეგისტრირებული მომხმარებლების მიერ.

კიდევ ერთი ტენდენცია, რომელზეც BuzzFeed წერს, ტვიტერის ყალბი ანგარიშებია, რომლებიც ცნობილი მედიასაშუალებების სახელით ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ხანძარი ტერორისტულ აქტად შეფასდა. ერთ-ერთი ასეთი გვერდი, რომელიც თავს CNN-ის ტვიტერ გვერდად ასაღებდა, მოგვიანებით სოციალური ქსელიდან წაიშალა.

ამასთან, ტვიტერზე სხვადასხვა ანგარიში კოორდინირებულად ავრცელებდა სტატიას, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწერა და გუშინდელ მოვლენებთან კავშირი არ ჰქონდა. მსგავს მასალებს შორის იყო 2016 წლის სტატია, რომელშიც საუბარი იყო, რომ ნოტრ-დამთან საეჭვო ავტომობილი იპოვეს, რომელშიც არაბული დოკუმენტები იყო განთავსებული.

კიდევ ერთი ტენდენცია, რაც გამოცემამ შენიშნა, იყო დამონტაჟებული ვიდეოების გავრცელება სოციალურ ქსელებში. ვიდეოები იმგვარად იყო დამონტაჟებული, რომ მასში ადამიანის ხმა ისმოდა, რომელიც “დიდება ალაჰს” ყვიროდა.

რა გადარჩა და რა განადგურდა ხანძრისგან პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში

მასალების გადაბეჭდვის წესი