ახალი ამბებისამართალი

კაცი, რომელზე ძალადობაშიც პოლიციას ადანაშაულებენ, კლინიკაში გარდაიცვალა

16 აპრილი, 2019 • 2822
კაცი, რომელზე ძალადობაშიც პოლიციას ადანაშაულებენ, კლინიკაში გარდაიცვალა

გუშინ, 15 აპრილს ღუდუშაურის კლინიკაში გარდაცვლილი 55 წლის მოქალაქის ოჯახის წევრები პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სწორედ სამართალდამცველების მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა ზვიად მთავრიშვილი.

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გურჯაანის რაიონული სამმართველის თანამშრომლებმა ზვიად მთავრიშვილს სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც მას თავის ტკივილები აწუხებდა.

რას ამბობენ გარდაცცვლილის ახლობლები

22 მარტს, ღამით, სახლიდან წაიყვანეს და გზაში სცემეს. 22-ის მერე სულ თავის ტკივილები ჰქონდა, 30 მარტს კომაში ჩამივარდა… როგორც ხედავთ, გარდაიცვალა. არ ვიცი… გამოძიება მიმდინარეობს. თვითონ მომიყვა ყველაფერი, რა თქმა უნდა. გზაში, მანქანაში სცემეს ან გადმოაგდეს, არ ვიცი… ტელეფონზე რომ დამირეკეს, გინება მოისმინეს და თავიანთ შეურაცხყოფად მიიღეს; ეგ არ აპატიეს, პოლიციას რატომ შეაგინეო და გაუსწორდნენ”, – განუცხადა რუსთავი 2-ს გარდაცვლილის დამ.

წაიყვანეს, სცემეს და მოკლეს. შე კაი კაცო, შენა, დავაშავე რაღაცა? დამიჭირე და დამსაჯე! ეგრე უნდა მცემო, რომ მომკლა? თან, კიდევ, გამოუშვეს მერე – წადი, მოგვწყდი აქედანო. ეს არის ამათი გაკეთებული საქმე. მე 88 წლის უნდა გავხდე და ის კიდევ… მამამისიც ადრე წავიდა…” – ამბობს გარდაცვლილის ბიძა, რომელიც პოლიციელების დასჯას მოითხოვს.

ღუდუშაურის კლინიკაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პაციენტს ნეიროქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ჰემატომის ევაკუაცია გაუკეთდა (სისხლჩაქცევის ამოკვეთა), რის შემდეგაც მოათავსეს რეამინაციულ განყოფილებაში, თუმცა გუშინ ბიოლოგიური სიკვდილი დადგა.

ოპერაციის ჩატარების შემდეგ ექიმებმა ზვიად მთავრიშვილის დას განუცხადეს, რომ პაციენტს თავში ჰქონდა სისხლჩაქცევები, რამაც გამოიწვია ტვინის გაჩერება. პირველი აპრილიდან დღემდე  ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სამართალდამცავებმა ზვიად მთავრიშვილის გამოკითხვა ვერ შეძლეს.

ზვიად მთავრიშვილის ცხედარი ღუდუშაურის კლინიკიდან ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, სადაც მისი სიკვდილის უშუალო მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 16 აპრილს განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეს დეტალურად შეისწავლიან, რომლის შედეგებსაც უახლოეს დღეებში საზოგადოებას და მხარეს აცნობებენ. მიუხედავად ამისა, შს მინისტრი მიიჩნევს, რომ ამის საფუძველი თავიდანვე არ არსებობდა. შსს აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული რაიმე სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა არ დასტურდება.

პარალელურად, კახეთის საოლქო პროკურატურაში პირველ აპრილს დაიწყო გამოძიება გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ჩადენილი ძალადობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორამციით, 22 მარტს ზვიად მთავრიშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც დასთან – მარინე მთავრიშვილთან კონფლიქტის დროს მისმა არასრულწოვანმა დისშვილმა 112-თან დაკავშირების შედეგად სამართალდამცავების დახმარება ითხოვა.

პროკურატურაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გარდაცვლილის დამ პოლიციელების მიმართ პრეტენზია ძმასთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტიდან ერთი კვირის შემდეგ გამოთქვა:

როგორც პროკურატურაში გვითხრეს, გარდაცვლილის დამ 30 მარტს განაცხადა, რომ გურჯაანის რაიონული სამმართველოს კაჭრეთის განყოფილების თანამშრომლებმა ზვიად მთავრიშვილს 22 მარტს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მას დაეწყო თავის ტკივილები, 30 მარტს კი გონების დაკარგვის შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი