ახალი ამბები

ქანთარია სერიალების “სახელმწიფოებრივ დონეზე” დაფინანსების აუცილებლობაზე საუბრობს

16 აპრილი, 2019 • 1584
ქანთარია სერიალების “სახელმწიფოებრივ დონეზე” დაფინანსების აუცილებლობაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია კინოინდუსტრიის აღორძინების თაობაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.

დეპუტატი მიზანშეწონილად მიიჩნევს, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა გარკვეული სერიალების გადაღება დაუკვეთონ.

“აუცილებელია აღვადგინოთ ემოციური კავშირი ჩვენს წარსულთან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამ საქმეში არის, რომ ჩვენი წარსული, ისტორია, კლასიკური ლიტერატურა გარდაიქმნას კინოფილმებად, სერიალებად. სერიალები დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ საპნის ოპერები… BBC-ის შექსპირის მთელი ქრონიკები აქვს გადაღებული”, – განაცხადა ქანთარიამ დღეს, 16 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

დეპუტატის თქმით, ყოველთვის, როდესაც ამ ინიციატივას ახმაურებდა, ეუბნებოდნენ, რომ “ამისთის ფული არ გაგვაჩნია”, თუმცა ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილმა “გამოთქვა მზადყოფნა, რომ შეეწიოს ამ საქმეს”. ქანთარიამ იმ ნეგატიურ გამოხმაურებებზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, ექსპრემიერის ინიციატივას “ნაციონალური მოძრაობასთან” დაკავშირებული პროდიუსერების მხიდან მოჰყვა.

“ნაციონალური მოძრაობის” წიაღში ჩამოსხმულმა პროდიუსერებმა, რომლებიც, წესით, ამ საქმით არიან დაკავებულნი, თქვეს, რომ საშინელებაა, თუ ეს კაცი [ივანიშვილი] შეეწევა ამ საქმეს, რადგან ეს დალაგებულ ბაზარს აგვირევსო. უფრო სწორი იქნებოდა ეთქვათ, რომ ამ კაცისგან მწარეა პურიც, ფულიც, არაფრის გაკეთება არ გვინდა, ვინაიდან ჩვენ ვართ “ნაციონალური მოძრაობის” წარმოამდგენლები და რაც უარესია, ჩვენთვის უკეთესიაო. მაგრამ მათ პროფესიულ ჭრილში მოინდომეს განხილვა, რა ბაზარი აირევა?! სად არის ბაზარი?! მე ვფიქრობ, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს ყველა მიმართულებით, არამხოლოდ სულიერების მხრივ, თუკი ამ პროცესს არ მოაჯდება ე.წ. მარიფათიანი ხალხი, თუ ეს ავა სახელმწიფოებრივ დონეზეც და იქნება გარკვეული შეკვეთები სამინისტროების მხრიდან (განათლების სამინისტრო იქნება თუ თავდაცვის სამინისტრო)… საკანონმდებლო დონეზეც თუ ავა, მაშინ ეს საქმე უთუოდ უმნიშვნელოვანესი იქნება”, – განაცხადა ქანთარიამ.

დეპუტატის თქმით, საქართველომ ცოტა ხნის წინ პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნა და კარგი იქნებოდა, 4-სერიანი ფილმი მაინც ყოფილიყო პარლამენტიდან შეკვეთილი 1918-21 წლების ქრონიკაზე”.

ამავე თემაზე:

კინოინდუსტრია უნდა აღორძინდეს – ივანიშვილი ქართულ ფილმებს და სერიალებს დააფინანსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი