ახალი ამბები

“არა სიძულვილს” – სასამართლოში ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერად აქცია იმართება

16 აპრილი, 2019 • 1450
“არა სიძულვილს” – სასამართლოში ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერად აქცია იმართება

დღეს, 16 აპრილს, 12: საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება პირველი პროცესი ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე. პროცესამდე სასამართლოს ეზოში იმართება სოლიდარობის აქცია ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასჭერად.

“არა ქსენოფობიას”, “არა ძალადობას”, “არა რასიზმს” – აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ტრანსპარანტები სწორედ ამ წარწერებით.

“ჩართულობისა და განვითარების ცენტრის” ცნობით, სადაც 25 წლის ვიტალი საფაროვი მუშაობდა, საფაროვის მკვლელობის ქსენოფობიურ მოტივზე საუბრობს:

“ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს თბილისის ცენტრში, ბარ „ვარშავის“  (პუშკინის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლა რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი ქართული ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ უფლებადამცველი სწორედ იმ დაჯგუფების წარმომადგენლების მსხვერპლი გახდა, რომლებიც საზოგადოებაში აღვივებენ რასიზმს და ქსენოფობიას”.

ორგანიზაციის განცხადებით, უფლებადამცველის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე.

“მოწმეთა ჩვენებები და ბრალდებულების პროფილები სოციალურ ქსელებში ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ისინი ულტრანაციონალისტური, ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან. ამ უკანასკნელს არ უარყოფენ თავად დაკავებულებიც”, – აცხადებს „ჩართულობის და განვითარების ცენტრი”.

საქმეზე დაკავებულ ავთანდილ კანდელაკიშვილსა და გიორგი სოხაძეს ბრალად ედებათ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკველობის ჯგუფურად ჩადენა.

ვიტალი საფაროვის ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი