ახალი ამბები

წინასწარი გამოძიებით, ნოტრ–დამში ხანძარი შემთხვევით გაჩნდა

16 აპრილი, 2019 • 939
წინასწარი გამოძიებით, ნოტრ–დამში ხანძარი შემთხვევით გაჩნდა

წინასწარი გამოძიების ინფორმაციით, ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში შემთხვევით გაჩნდა. ამის შესახებ The Guardian პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.

ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზები ამ დრომდე დაუდგენელია. თავდაპირველად ვრცელდებოდა წინასწარი ცნობები, რომ ცეცხლის გაჩენა ტაძარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არავის დაუდასტურებია.

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა. ასობით მეხანძრე რამდენიმე საათის მანძილზე განუწყვეტლივ ებრძოდა ცეცხლს, რომელიც 850 წლის წინათ აგებულ, ისტორიულად უმნიშვნელოვანეს ტაძარს იყო მოდებული და მისი ცნობილი სამრეკლოც შეიწირა – კონსტრუქციის ჩამოქცევის კადრები სოციალურ მედიაში გავრცელდა.

ბოლო ცნობებით, მიუხედავად ზარალისა, მეხანძრეებმა ტაძრის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა შეძლეს.

“შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ჩრდილოეთით მდებარე ორი კოშკი გადარჩა. მთლიანობაში, ჩვენი ქალბატონის[ტაძრის] სტრუქტურა გადარჩენილია”, – უთხრა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა ადგილობრივ BFMTV-ს.

ხანძრის ქრობის პროცესში ერთი მეხანძრე მძიმედ დაშავდა.

ცეცხლთან ბრძოლის პროცესს უამრავი ადამიანი პარიზის სხვადასხვა წერტილიდან ადევნებდა თვალს. ადამიანთა დიდი ჯგუფები ქუჩებში იდგნენ და საგალობლებს ასრულებდნენ. ადგილზე იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რომელმაც თქვა:

“ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მსგავსად, მეც ვწუხვარ ამ ღამით, როცა ვხედავ, როგორ იწვის ჩვენი ეს ნაწილი”.

პარიზის ხანძარს მალევე მოჰყვა გამოხმაურება მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოდან, მათ შორის, საქართველოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი