საფრანგეთის ეკლესიები ზარებს რეკავენ ნოტრ–დამის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად

ხანძრით დაზარალებულ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს საფრანგეთის ირგვლივ მდებარე ეკლესიები სოლიდარობას ზარების რეკვით უცხადებენ. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში არაერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.


პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ძირითადი სტრუქტურა გადარჩენილი და დაცულია. განცხადება, The Guardian–ის ცნობით, პარიზის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა გააკეთა.

“შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ჩრდილოეთით მდებარე ორი კოშკი გადარჩა. მთლიანობაში, ჩვენი ქალბატონის[ტაძრის] სტრუქტურა გადარჩენილია”, – უთხრა მან ადგილობრივ BFMTV-ს.

გამოცემის ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ერთი მეხანძრე მძიმედ დაშავდა.

მანამდე საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები გარანტიას ვერ იძლეოდნენ, რომ ტაძარი, მთლიანობაში, გადარჩებოდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარია. ცეცხლი დღეს, 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ჩამოიქცა ხანძრის შედეგად ტაძრის ისტორიული სამრეკლო.

BBC-ის თანახმად, ოფიციალური პირები ცეცხლის გაჩენის ზუსტ მიზეზს ჯერ ვერ ასახელებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ინციდენტი სარემონტო სამუშაოებს უკავშრდება.

ცეცხლს მეხანძრეთა ჯგუფები ებრძვიან, გარშემო ტერიტორია კი ევაკუირებულია. ბარიკადებს მიღმა უამრავი ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ჩუმად ადევნებენ თვალს, როგორ უკიდია ცეცხლი 850-წლიანი ისტორიის მქონე უმნიშვნელოვანეს ნაგებობას.

ადგილზე უკვე მივიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც თქვა:

“ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მსგავსად, მეც ვწუხვარ ამ ღამით, როცა ვხედავ, როგორ იწვის ჩვენი ეს ნაწილი”. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან