ახალი ამბები

გიორგი თავდგირიძემ თავდაცვის სამინისტროში დაიწყო მუშაობა

14 ოქტომბერი, 2014 • 2734
გიორგი თავდგირიძემ თავდაცვის სამინისტროში დაიწყო მუშაობა

გიორგი თავდგირიძემ თავდაცვის სამინისტროში დაიწყო მუშაობა. იგი ზუსტ თანამდებობას ვერ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ეს, სავარაუდოდ, რეორგანიზაციის შემდეგ გაირკვევა. თავდაცვის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ თავდგირიძე უწყებაში ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდა, თუმცა ზუსტ თანამდებობას ვერც იქ აკონკრეტებენ.

გიორგი თავდგირიძის თავდაცვის მინისტრის შესახებ არაერთი კრიტიკული განცხადება აქვს გაკეთებული. მაგალითად, “არა მგონია, ალასანია საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენდეს”, “ირაკლი ალასანია ნაცმოძრაობის გზას განაგრძობს” და ა.შ.

ალასანიას მიერ ვაშინგტონში გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ დასავლეთი საქართველოს ანტისაჰაერო თავდაცვითი იარაღით უნდა დაეხმაროს, თავდგირიძემ თავის დროზე ასე შეაფასა: ““მიმაჩნია, რომ ეს განცხადება არაფრის მომცემი, მოუმზადებელი და, შესაბამისად, ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო იყო. ეს ემსახურებოდა არა ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებასა და შესაძლებლობების გაზრდას, არამედ ირაკლი ალასანიას, როგორც პოლიტიკოსის, პიარ-ინტერესებს.”

თავდგირიძემ დღეს, 14 ოქტომბერს არ უპასუხა ნეტგაზეთის შეკითხვას, რას ფიქრობს მის მიერ მინისტრის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე, შეიცვალა თუ არა პოზიცია და როგორ წარმოუდგენია ამ ფონზე ალასანიასთან ერთად მუშაობა.

“ამ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ. დაკავებული თანამდებობა და ქართული კანონმდებლობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ პოლიტიკური შეფასება გავაკეთო. პოლიტიკური განცხადებებისგან თავი უნდა შევიკავო”, – აღნიშნა თავდგირიძემ.

მისივე თქმით, უწყებაში მუშაობა პირადად ალასანიას არ შეუთავაზებია და ეს საკითხი მასთან თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა განიხილეს.

გიორგი თავდგირიძე/რადიო თავისუფლების ფოტო
გიორგი თავდგირიძე/რადიო თავისუფლების ფოტო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი