ახალი ამბები

„რობოტი ალიოშა“, რომელმაც რუსეთში საფეხბურთო მატჩი გახსნა, სინამდვილეში ადამიანია

15 აპრილი, 2019 • 1504
„რობოტი ალიოშა“, რომელმაც რუსეთში საფეხბურთო მატჩი გახსნა, სინამდვილეში ადამიანია

ერთ-ერთი რუსული არხის კომენტატორებმა კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი, რომელმაც საფეხბურთო მატჩი გახსნა, „რობოტ ალიოშად“ გაასაღეს.

ცსკასა და ორენბურგს შორის 13 აპრილს მოსკოვში გამართული მატჩი რობოტის კოსტუმში ჩაცმულმა ადამიანმა გახსნა. რუსეთის ტელევიზია Матч Премьер-ის კომენტატორებმა მას „ხელოვნური ინტელექტი“ უწოდეს და მაყურებლისთვის არ უთქვამთ, რომ სინამდვილეში რობოტი არ ყოფილა.

მატჩის გახსნისას არხის კომენტატორებმა გამოაცხადეს, რომ მოედანზე გამოდიოდა „ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი რობოტი ალიოშა“. „ახლა ხელოვნური ინტელექტი განახორციელებს პირველ დარტყმას“, — თქვა ერთ-ერთმა მათგანმა. მოგვიანებით, მატჩის მიმდინარეობისას, არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ „ალიოშა“ სინამდვილეში ადამიანი იყო.

შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა, რომან ნაგუჩევმა თქვა, რომ იცოდა, ალიოშა სინამდვილეში ადამიანი იყო და არა რობოტი. კითხვას, რატომ უწოდა კოსტუმირებულ ადამიანს რობოტი, ასე უპასუხა: „უბრალოდ, სახალისოა, ესაა და ეს. რობოტივით გამოიყურებოდა“.

მსგავსი შემთხვევა რუსეთში რამდენიმე თვის წინაც მოხდა — მაშინ ტელევიზია Russia24-მა კოსტუმირებული ადამიანი გაასაღა როგორც “მაღალტექნოლოგიური რობოტი, სახელად ბორისი“. Russia24-მა კრიტიკის შემდეგ განაცხადა, რომ მედიასაშუალებებმა, რომლებმაც ამ შემთხვევაზე კრიტიკული სტატიები მოამზადეს, „ჩანაფიქრი ვერ გაიგეს“.

რობოტი ალიოშას კოსტუმი 250 000 რუბლი (10 500 ლარი) ღირს. კომპანია, რომელიც მას ამზადებს, რკინის კაცის, რობოკოპისა და „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟების კოსტუმებსაც ყიდის.

წყარო: Meduza

რუსულმა არხმა კოსტუმში ჩაცმული ადამიანი “მაღალტექნოლოგიურ რობოტად” გაასაღა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი