კომიტეტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კობახიძის კანონპროექტი II მოსმენით მიიღო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის დეპუტატების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს კომიტეტში 9 მომხრე ჰყავდა, 1-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონპროექტის განხილვა მთელი დღის განმავლობაში, მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა.

სამოქალაქო სექტორისა და საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მმართველმა გუნდმა, საკუთარი პირობის მიუხედავად, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნებამდე ჩანიშნა. უმრავლესობის განმარტებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ხვალ გახდება ცნობილი და რეკომენდაციებს პროექტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე გაითვალისწინებენ.

“საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში და თანმდევ კანონებში ინიცირებული ცვლილებებით, რეგულირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები

პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, პირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ჩაითვლება, თუ ის არის მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე ან ადვოკატი, რომელსაც აქვს გამორჩეული კვალიფიკაცია, არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული საქმიანობის გამოცდილება და ჩაბარებული აქვს ან გეგმავს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას. არასამთავრობო ორგანიზაციების, ისევე როგორც სახალხო დამცველისა და “ევროპული საქართველოს” პოზიციაა, რომ უზენაესი სასამართლო ღია იყოს არამოსამართლე პირებისთვის და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, როგორც სავალდებულო კრიტერიუმი, გაუქმდეს.

სამოქალაქო სექტორი მიუთითებს ინტერესთა კონფლიქტზეც, რადგან კანონპროექტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი და მონაწილეობა მიიღოს კონკურსში. მართალია, მას საკუთარი თავის სასარგებლოდ ხმის მიცემის
უფლება არ ექნება, მაგრამ შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს სხვა კონკურენტების ხმის მიცემის პროცესში, გაეცნოს კანდიდატთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, მონაწილეობა მიიღოს შეფასების პროცესში და ამასთანავე, ჩაატაროს გასაუბრებები. არასამთავრობო სექტორი დაუშვებლად მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრი ერთდროულად იყოს გადაწყვეტილების მიმღები და კანდიდატი.

კანონპროექტით, კანდიდატთა მიერ ფორმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატთა წრის დასავიწროებლად ატარებს ფარულ კენჭისყრას, სამოქალაქო სექტორის მოსაზრებით კი, კენჭისყრის პროცედურა ღია უნდა იყოს.

არასამთავრობო სექტორის აზრით, კანდიდატების შერჩევის და დასახელების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ისა და არამოსამართლე წევრების 2/3-ის მიერ. ამასთან, სამოქალაქო სექტორის აზრით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავისი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებაც უნდა ჰქონდეს.

ამავე თემაზე:

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის 3 სხვადასხვა კანონპროექტს განიხილავს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი