ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ტექსტი გამოქვეყნდა

13 ოქტომბერი, 2014 • • 1351
რუსეთსა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ტექსტი გამოქვეყნდა

შეთანხმების პირველივე მუხლში წერია, რომ მხარეები თანამშრომლობის, ინტეგრაციისა და პარტნიორობის ახალი დონის მისაღწევად, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებზე, აგრძელებენ ორმხირივი და კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარებას. 

 

თანამშრომლობის, ინტეგრაციისა და პარტიორობის ძირითად მიმართულებებლად კი, პროექტის შესაბამისად, განსაზღვრულია შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის გატარება; თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის ფორმირება; ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნა და საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცის შენარჩუნება. 

 

შეთანხმების თანახმად, რუსეთის ფედერაცია ყველანაირად ხელს შეუწყობს აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას, მათ შორის იმ წრის გაფართოებას, ვინც აფხაზეთს ოფიციალურად სცნობს. საერთაშორისო ორგანიზაციებსა და გაეართიანებებში რუსეთი აფხაზეთის შესვლის წინაპირობებს შექმნის. 

 

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ. 

 

პროექტში წერია, რომ საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი  ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს, რუსეთთან კი პირიქით – ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას. 

 

შეთანხმება თანამშრომლობის ახალ დონეს ითვალისწინებს, ასევე, საბაჟო, ეკონომიკურ, სოციალურ, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. 

 

მაგალითად, ერთ-ერთი პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის პირველი იანვრიდან აფხაზეთში პენსიების ოდენობის გაზრდის მიზნით რუსეთის ფედერაციის ფულადი დახმარებაა გათვალისწინებული. 


რაულ ხაჯიმბა, ვლადიმერ პუტინი; ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რაულ ხაჯიმბა, ვლადიმერ პუტინი; ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია


lმასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი