ახალი ამბები

ჩვენი ტრადიციები, ოჯახის კულტურა უნდა იყოს დომინანტი ამ ქვეყანაში – მდინარაძე

15 აპრილი, 2019 • 1181
ჩვენი ტრადიციები, ოჯახის კულტურა უნდა იყოს დომინანტი ამ ქვეყანაში – მდინარაძე

ჩვენი ტრადიციები, ოჯახის კულტურა უნდა იყოს დომინანტი ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს, 15 აპრილს.

მდინარაძის თქმით, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ოჯახსა და ტრადიციებთან დაკავშირებით ცინიკურ დამოკიდებულებას ავლენენ, რაც მიუღებელია. დეპუტატის თქმით, ევროპული ოჯახში ადგილის დამკვიდრება ეროვნული ღირებულებების დაკარგვის ხარჯზე არ უნდა მოხდეს და საქართველო ამ ოჯახის წევრი თავისი ტრადიციებით უნდა გახდეს.

“არცერთი მიმართულებით ჩვენ ისეთი არ უნდა დაგვემართოს, რომ რადიკალიზმისკენ წავიდეთ. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები და იქ უნდა დავიმკვიდროთ ადგილი, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ტრაციული და ეროვნული ღირებულებების დათმობის ან დაკარგვის ფონზე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეროვნული სულისკვეთება იყოს, მათ შორის, ჩვენს შვილებში და ამაზე უარი არასდროს უნდა ვთქვათ. ჩვენი ტრადიციები, ოჯახის კულტურა უნდა იყოს დომინანტი ამ ქვეყანაში და ასე, ამ ჩვენი განსაკუთრებული ნიშნით, განსაკუთრებული ტრადიციულობით უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ეს არის მიდგომა, რომელიც არ უნდა გადაიხედოს”, – განაცხადა მდინარაძემ.

ოჯახურ ღირებულებებთან ბრძოლის შესახებ თავდაპირველად ისაუბრა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” ლადო კახაძემ. ეს მოსაზრება გაიზიარა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც , თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ ებრძვის “ოჯახურ ტრადიციებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი