ახალი ამბები

მდინარაძის ცნობით, პარტიის შიდა კვლევები “ფსიქოპროექტს” არ ჩაუტარებია

15 აპრილი, 2019 • 1031
მდინარაძის ცნობით, პარტიის შიდა კვლევები “ფსიქოპროექტს” არ ჩაუტარებია

ფრაცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარტიის შიდა კვლევები “ფსიქოპროექტს” არ ჩაუტარებია.

მდინარაძე არ აკონკრეტებს, ამჯერად რომელმა კვლევითმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევები და რა შედეგები დაფიქსირდა.

“გახსოვთ, რომ ჩვენ გარკვეული უხერხულობა შეგვექმნა კვლევებთან დაკავშირებით და ამაზე აბსოლუტურად გულწრფელად ჩვენ თვითონ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ადეკვატურები ვიყოთ და საზოგადოება არ მოვატყუოთ. ამიტომ მე შიდა კვლევებზე საუბარს მოვერიდები. თუმცა, რა თქმა უნდა, პარტიაში არსებობს კვლევები, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ სამოქმედო გეგმებს დავსახავთ ხოლმე. ასეთი კვლევების გასაჯაროება არ ხდება”,- განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, იმავე ორგანიზაციამ ჩაატარა თუ არა კვლევა, ვინც აქამდე ატარებდა “ქართული ოცნების” შიდაპარტიულ კვლევებს, მდინარაძე პასუხობს, რომ “არა, იმავე ორგანიზაციას არ ჩაუტარებია”.

მისივე თქმით, რომელმა ობიექტურმა ორგანიზაციამაც არ უნდა ჩაატაროს კვლევა, ნახავს, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს დიდი უპირატესობა ყველა სხვა ძალასთან და კანდიდატთან შედარებით.

NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც იანვარში გამოქვეყნდა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 24% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 11% – ენმ-ს, ხოლო 3% – “პატრიოტთა ალიანსს”. მაჟორიტარულ და მერის არჩევნებში გასამარჯვებლად პარტიის კანდიდატს ხმების 50%-ზე მეტი ესაჭიროება.

მასალების გადაბეჭდვის წესი